რატომ არ ვართ აქტივისტები: საფუძვლიანი ორგანიზება

რატომ არ ვართ აქტივისტები

თბილისის სოლიდარობის ქსელი დაახლოებით წელიწადნახევრის წინ შეიქმნა, ორგანიზების ახლებური კულტურის ჩამოყალიბების იმედით, დედაქალაქსა და მთელს საქართველოში. ჩვენი მიდგომა ეფუძნება წარსული მარცხების გადალახვას და ღრმა რწმენას იმისა, რომ ადამიანებს ერთობლივად შეუძლიათ წინააღმდეგობების დაძლევა და ბრძოლა ცვლილებებისთვის. საქართველოს არ აქვს ორგანიზების დიდი გამოცდილება, ხოლო განვთარებული ქვეყნებიდან შემოტანილმა „წინააღმდეგობის“ ფორმებმა ორგანიზებას „აქტივისტური“ ელფერი შესძინა. აქტივიზმის საფრთხე ის არის, რომ ადამიანები ეხვევიან მედიის დღის წესრიგზე რეაგირების დაუსრულებელ ციკლში და ავიწყდებათ იმ ხალხის პრიორიტეტების გამორკვევა, რომლებსაც თავად წარმოადგენენ. არანაკლებ დამაბრკოლებელია აქტივისტების ანგარიშვალდებულება დონორების მიმართ, რაც იწვევს უფრო საფუძვლიანი ორგანიზების უგულვებელყოფას სწრაფი და გაზომვადი შედეგების ჩვენების მიზნით. მატერიალურმა გარემოებებმა შექმნა მავნებელი დინამიკა, რომელშიც ბატონობს დონორების ფული და პიროვნული ამბიციები. ეს ამბიციები კი ხშირად მოუთოკავია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მედია არათანაბარ ყურდაღებას უთმობს სხვადასხვა საკითხს თუ ორგანიზაციას. დონორების საკითხს სხვა წერილს დავუთმობთ, ახლა გვსურს გაგიზიაროთ ჩვენი ხედვა საფუძვლიან ორგანიზებასთან დაკავშირებით და გაგაცნოთ თბილისის სოლიდარობის ქსელის საქმის ისტორიული საფუძვლები.

Continue reading

Posted in Uncategorized | დატოვე კომენტარი

მასობრივი დემონსტრაციები ამერიკაში სამართლიანი ხელფასების მოთხოვნით

29 ნოემბერს, მოძრაობა „ბრძოლა 15 დოლარისთვის“ (Fight for 15$) ათასობით წევრმა ამერიკის 340 ქალაქში დემონსტრაციები და მჯდომიარე აქციები გამართა, რასაც მასობრივი დაპატიმრებები მოჰყვა. მოძრაობის წევრები აცხადებდნენ, რომ არ აპირებენ უკან დახევას მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის თეთრ სახლში.

NEW YORK, NY - NOVEMBER 10: Low wage workers and supporters protest for a $15 an hour minimum wage on November 10, 2015 in New York, United States. In what organizers are calling a National Day of Action for $15 and hour minimum wage, thousands of people took to the streets across the country to stage protests in front of businesses that are paying some of their workers the minimum wage. Home care workers, employees in retail and fast food restaurants say that the current minimum is not a living wage. (Photo by Spencer Platt/Getty Images)

მოძრაობა 2012 წლის 29 ნოემბერს, სწრაფი კვების პუნქტებში დასაქმებული 200 ადამიანის  ერთდღიანი გაფიცვით დაიწყო. გაფიცულები საათში 15 დოლარს და პროფკავშირულ უფლებებს ითხოვდნენ. ოთხი წლის თავზე, „ბრძოლა 15 დოლარისთვის“ ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი პროგრესული მოძრაობაა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ეთნიკური მიკუთვნებულობის ძიძებს, დამლაგებლებს, ნახევარ განაკვეთზე მომუშავე პროფესორებს, აეროპორტებში დასაქმებულებს, სწრაფი კვების მშრომელებს და ბევრ სხვას.

სწორედ მათი დამსახურებაა მინიმალური ხელფასის და საშემოსავლო უთანასწორობის საკითხის პოლიტიკურ დღის წესრიგში მწვავედ დაყენება. შექმნის დღიდან, მოძრაობამ ამერიკის დაბალანაზღაურებული მშრომელებისთვის ყოველწლიური სახელფასო ზრდების სახით 61.5 მილიარდი დოლარი მოიპოვა. მშრომელების უშუალო ბრძოლით, სულ რამდენიმე შტატში მოპოვებული 61.5 მილიარდი დოლარი ათჯერ უფრო მეტია, ვიდრე კონგრესის მიერ 2007 წელს დამტკიცებული ფედერალური მინიმალური ხელფასის ზრდა ამერიკის ორმოცდაათივე შტატში.

მომსახურების სფეროში არსებული სამუშაო ადგილები, ხშირად დაბალანაზღაურებადია და თავისი ბუნებით დაბალი ღირებულების მქონე შრომად მიიჩნევა. თუმცა მნიშნელოვანია იმის გააზრება რომ ბევრი ისეთი სამუშაო ადგილიც და ეკონომიკის სექტორი, რომელიც დღეს მაღალანაზღაურებადია, ოდესღაც ასევე დაბალანაზღაურებადი იყო და მხოლოდ მშრომელთა მიერ, წლების განმავლობაში გამართული ბრძოლის შემდეგ გაიზარდა გარკვეული პროფესიების ანაზღაურება. მომსახურების სფეროში გაწეული შრომა თავისი ბუნებით სულაც არ არის აუცილებლად დაბალი ღირებულების მქონე და “ბრძოლა 15 დოლარისთვის” სწორედ ამას აჩვენებს. ამ მოძრაობის ბრძოლის შედეგად ამერიკის რიგ შტატებში სრულ განაკვეთზე მომუშავე ძიძები, დამლაგებლები თუ მიმტანები აღარ არიან დამოკიდებულნი სახელმწიფო შემწეობაზე.

საქართველოში, სადაც მომსახურების სფერო მზარდი ტემპით იკავებს ქვეყნის ეკონომიკის სულ უფრო დიდ ნაწილს და სადაც მოსახლეობის უფრო და უფრო დიდი ნაწილი საქმდება სახელმწიფოს ქმედითი შრომის პოლიტიკის არარსებობის ფონზე, დიდი მნიშვნელობა აქვს ამ სექტორში დასაქმებული ადამიანების მობილიზებას და ბრძოლას ისეთი საკითხებისთვის, როგორიც არის მინიმალური ხელფასი, საარსებო მინიმუმი, სამუშაო დროის განაკვეთი, შრომითი კანონდებლობა თუ შრომის ინსპექცია. ამისთვის “ბრძოლა 15 დოლარისთვის” ქართველი მშრომელებისთვის კარგი მაგალითია.

Posted in Uncategorized | დატოვე კომენტარი

საყოველთაო გაფიცვა სამხრეთ კორეაში!

12 ნოემბერს, პრეზიდენტ პაკ კინ ჰეს გადადგომის მოთხოვნით, სამხრეთ კორეის ქუჩებში მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა. ერთი კვირის შემდეგ, პროტესტის ტალღა კვლავ აგორდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამჯერად, კორეის პროფესიული კავშირების კონფედერაცია (KCTU) 30 ნოემბერს მშრომელებს საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდებს. გაფიცვა მიმართულია რეგრესული შრომითი კანონმდებლობის და კორუმპირებული პრეზიდენტის პაკ კინ ჰეს წინააღმდეგ. პრეზიდენტი, პაკ კინ ჰე განსაკუთრებული სიმკაცრით ეპყრობა პროფკავშირებს, უგულვებელყოფს შრომით უფლებებს და გახვეულია კორუფციულ სკანდალებში.

korea

უკანასკნელი წლის განმავლობაში, კორეის პროფკავშირები იბრძვიან იმ ცვლილებების წინააღმდეგ, რომლებიც საშუალებას მისცემს დამსაქმებელს დაიხთოვოს დასაქმებულები სათანადო პროცესის გარეშე, საგრძნობლად შეამციროს ასაკოვანი მუშების ხელფასები და კიდევ უფრო გაზარდოს აუთსორსინგი. მუშების ბრძოლას მთავრობამ მკაცრი რეპრესიებით – ასობით პროფკავშირელის დაპატიმრებით და პროფკავშირების ოფისების რეიდებით – უპასუხა.  ამჟამად, KCTU-ს თავმჯდომარეს ჰან სან კინს 5 წლიანი პატიმრობა ემუქრება. ასევე, სასჯელს იხდის სამშენებლო სექტორის პროფკავშირების თავმჯდომარე ლი იონგ ჰუა.

საყოველთაო გაფიცვის ძირთადი მოთხოვნებია:

  1. რეგრესული შომითი რეფორმების გაუქმება.
  1. დაპატიმრებული პროფკავშირელების დაუყოვნებლივ გათავისუფლება ფუნდამენტური შრომითი უფლებები ყველა მშრომელს, დროებითი, კონტრაქტორის მიერ დაქირავებული, თვითდასაქმებული და მიგრანტი მშრომელების ჩათვლით.
  1. პრეზიდენტ პაკ კინ ჰეს გადადგომა.

კორეის შემთხვევა სულ უფრო თვალსაჩინო ტენდენციის მორიგ გამოვლინებას წარმოადგენს. სამხრეთ კორეა გლობალური სამხრეთის ქვეყანაა. თანამედროვე კაპიტალიზმში მან ჯანდაცვის, საკვების, ბავშვთა საჭიროებების, საცხოვრებელის, განათლების, უმუშევრობისგან დაზღვევის და სხვა სოციალური სერვისების უზრუნველყოფის გარეშე შეაბიჯა. ასეთ ქვეყნებში, მთავრობები ყველანაირ პირობას ქმნიან მსხვილი მესაკუთრეებისთვის, რათა მათ გაზარდონ თავიანთი კაპიტალი მშრომელების და ბუნების ექსპლუატაციის ხარჯზე. ამას საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები – მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ა.შ. – „განვითარებას“ უწოდებენ.

ნიშანდობლივია ინდოეთის 2016 წლის 2 სექტემბრის საყოველთაო გაფიცვა, რომელშიც დაახლოებით 180 მილიონამდე მშრომელი მონაწილეობდა. გაფიცვა მზარდი პრივატიზაციის წინააღმდეგ იყო მიმართული. არანაკლებ მნიშვნელოვანია გაფიცვების ტალღა გლობალური სამხრეთის კიდევ ერთ ქვეყანაში – ჩინეთში, 2010-2015 წლებში, როდესაც მშრომელები უცხოური ინვესტიციების გაბატონებისგან გამოწვეულ ცხოვრების მძიმე პირობებს აპროტესტებდნენ.

ეს და სხვა მრავალი მაგალითი მიგვანიშნებს იმაზე, რომ გლობალური სამხრეთის მშრომელთა კლასები უარს აცხადებენ ეკონომიკური განვითარების დასავლურ მოდელებზე, რომლებიც მსხვილი მესაკუთრეების (მულტინაციონალური კორპორაციების) ქონების გაზრდას ემსახურებიან და ამისთვის, აღარიბებენ ადგილობრივ მოსახლეობებს, ანადგურებენ მათ კულტურებს და აუარესებენ მათი ცხოვრების პირობებს.

მასშტაბური გაფიცვები ამგვარი ეკონომიკური პოლიტიკების წინააღმდეგ, ერთსა და იმავე დროს, საფუძვლიანი ცვლილების აუცილებლობის მანიშნებელს და ამ ცვლილებებისკენ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. კაპიტალსა და მშრომელთა კლასებს შორის მიმდინარე გლობალური წინააღმდეგობის გამწვავების პირობებში, საქართველოს პროფკავშირულმა და მშრომელთა მოძრაობამ სათანადოდ უნდა დაინახოს საერთო სურათი და მასზე დაყრდნობით ააგოს პოლიტიკური სტრატეგია.

Posted in Uncategorized | დატოვე კომენტარი

მუშათა კლასის მებრძოლი ხასიათი გლობალურ სამხრეთში

იმანუელ ნესი

იმანუელ ნესი არის ავტორი წიგნისა “სამხრეთის აჯანყება: გლობალური მუშათა კლასის შექმნა”. (Pluto. 2016) ის არის პოლიტიკური მიცნიერების ფაკულტეტის წევრი ბრუკლინის კოლეჯში, ნიუ იორკის უნივერსიტეტში და იოჰანესბურგის უნივერსიტეტის სოციალური ცვლილების ცენტრში.

1980-იან წლებში, მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში გაბატონებულმა ეკონომიკებმა შეაბიჯეს შორსგამიზნულ ტრანზიციაში სახელმწიფოს მონაწილეობიდან კერძო სექტორის დომინირებაზე. გადასვლის პროცესი ყველგან ერთგვარი არ იყო: ზოგიერთ შემთხვევაში, საბაზრო კონტროლზე გადაწყობა თანდათანობით, სოციალური კეთილდღეობიდან სახელმწიფო სუბსიდიების ნაბიჯ-ნაბიჯ ამოღებით მოხდა. სხვაგან, საზოგადოებრივი კეთილდღეობის რადიკალური უარყოფა ერთბაშად განხორციელდა, რაც შემდგომში შოკის თერაპიის სახელით გახდა ცნობილი.

გლობალურ სამხრეთში, სადაც სახელმწიფოების უმეტესობაში სოციალური კეთილდღეობის ქსელები სუსტი იყო, ეკონომიკური ლიბერალიზაცია გადაიკვეთა სახელმწიფო წარმოების პრივატიზაციასთან და საბაზრო ინტეგრაციასთან გლობალურ კაპიტალისტურ ეკონომიკაში. მაშინ, როდესაც ჩრდილოეთის კაპიტალისტურ და სოციალისტურ ეკონომიკებში, მეოცე საუკუნის ინდუსტრიალიზაცია, ჩვეულებრივ, სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფოების კონტექსტში განხორციელდა, სამხრეთში, მასიური ინდუსტრიალიზაცია ჯანდაცვის, საკვების, ბავშვთა საჭიროებების, საცხოვრებელის, განათლების, უმუშევრობისგან დაზღვევის და მშრომელებისთვის და მათი ოჯახებისთვის პენსიების უზრუნველყოფის გარეშე მოხდა. Continue reading

Posted in Uncategorized | დატოვე კომენტარი

დაისაჯოს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“!

 

ჭიათურის მაღაროების და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მფლობელი კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი”, რომელსაც 2016 წლის აპრილში, გადასახადების გადაუხდელობის გამო, სახელმწიფომ 200 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა, ამჯერად, სალიცენზიო პირობების დარღვევასა და გარემოსთვის 350 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის ზიანის მიყენებაშია ბრალდებული.

%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%96%e1%83%98

სასამართლო განხილვის მიმდინარეობისას გამოვლინდა, რომ ჯორჯიან მანგანეზის იურისტმა მირიან ბიჭიკაშვილმა ქრთამი გადასცა იმ საექსპერტო ჯგუფს, რომელსაც ევალებოდა კომპანიის მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოთვლა. მირიან ბიჭიკაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს

ცხადია, რომ ქრთამის გადაცემა ჯარიმის შესამცირებლად “ჯორჯიან მანგანეზის” ინტერესებშია, რაც აჩენს ეჭვს, რომ ქრთამის გადაცემისას, იურისტი კომპანიის დავალებით მოქმედებდა. შესაბამისად, სახელმწიფომ უნდა გადადგას მტკიცე ნაბიჯი კერძო კომპანიის წინააღმდეგ და დააყენოს არამხოლოდ იურისტის პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ თავად კომპანიისაც, რომელიც უტიფრად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, როგორც გადასახადების და გარემოს დაცვის, ასევე შრომითი პირობების კუთხით.

სახელმწიფო არ უნდა იყოს უმოქმედო მაშინ, როდესაც მსხვილი მესაკუთრეები მდიდრდებიან იაფი მუშახელის ყოველდღიური ტანჯვის ხარჯზე. მოვითხოვთ: დაიწყოს გამოძიება კომპანიის როლის გამოსარკვევად საექსპერტო ჯგუფისთვის ქრთამის გადაცემაში!

 

Posted in Uncategorized | დატოვე კომენტარი

მედია, მშრომელთა მოძრაობა და დემოკრატიზაცია

რამდენიმე დღის წინ, ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატის, ბექა ნაცვლიშვილის ფეისბუქ გვერდიდან ვუყურე გადაცემა არჩევანს რუსთავი 2-ზე. ინფორმაციის მიღება მობილური ტელეფონებით და სოციალური ქსელებით გაცილებით იოლი ხდება და როგორც სხვა ბევრი ადამიანი, მეც ხშირად ვეღარ ვახერხებ ტელევიზორის ყურებას. თუმცა, მიუხედავად ამისა, მოსახლეობის უმრავლესობა და მთლიანად საინფორმაციო ველი არსებითად კვლავ ტრადიციულ მედია საშუალებებზეა დამოკიდებული. რუსთავი 2, ყველაზე მაღალრეიტინგული არხი, თავისი აშკარა პარტიული მიკერძოებულობით, სამარცხვინოდ დაბალი სტანდარტებითა და  ინფორმაციის მუდმივი  ფალსიფიცირებით, აუცილებლად შეახსენებს და დააფიქრებს ადამიანს საქართველოში მედიის სავალალო მდგომარეობაზე. იმავე საღამოს, შემხვდა საინტერესო ქვეთავი მედიის შესახებ სტივენ ჯონსის წიგნში „საქართველო – პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“. რუსთავი 2-ზე დაბალი ხარისხის დებატებმა, ჟურნალისტების არაკომპეტენტურმა და მიკერძოებულმა კითხვებმა, არა არსებითი თემებზე გამუდმებით აპელირებით გაჯერებულმა ეთერმა რთულია ადამიანი არ გააბრაზოს და არ დააფიქროს ქართული მედიის სავალალო მდგომარეობაზე. რამდენიმე დღეში, 6 ოქტომბერს, გაიმართა საქართველოს მედიის პროფესიული კავშირის პრეზენტაცია,  პროფკავშირი იმ ჟურნალისტებმა, ოპერატორებმა და მემონტაჟეებმა დაარსეს, რომლებმაც ამ გაზაფხულს, საზოგადოებრივ მაუწყებელთან შრომითი დავა წამოიწყეს და გარკვეულ წარმატებასაც მიაღწიეს. ჩემი აზრით, მედია სივრცეში პროფკავშირული ორგანიზაციის გაჩენა სწორედ ის ნაბიჯია, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებელი მედიისთვის ნიადაგის მომზადება. ამ ბლოგით, შევეცდები ავხსნა ჩემეული ხედვა იმისა, თუ რა მნიშვნელობა აქვს მედიაში დასაქმებულ ადამიანთა ჩართვას მშრომელთა მოძრაობაში და რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ამან  საქართველოს მშრომელთა მოძრაობისთვის და ზოგადად, დემოკრატიზაციისთვის.

gmtu

საქართველოს მედიის პროფკავშირის პრეზენტაცია, 2016 წლის 6 ოქტომბერი

ვარდების რევოლუციის შემდეგ, მედიის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები გატარდა.  ძალაში შევიდა  ახალი კანონები სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ და ა.შ.  ამ პროცესებში დიდი როლი ითამაშა არასამთავრობო სექტორის ძალისხმევებმა . თუმცა, ამ ყველაფერმა  სულაც არ გახადა მედია უფრო დამოუკიდებელი და კრიტიკული. პირიქით, მედია სივრციდან ნელ-ნელა ქრებოდა პოლიტიკური თემატიკა და მას იაფასიანი გასართობი და კომერციული გადაცემები ანაცვლებდა, რასაც ჯონსი აშშ-ს საინფორმაციო-გასართობი პროგრამების იმიტირებას უწოდებს. საერთაშორისო გამჭვირვალობა თავის 2009 წლის ანგარიშში ტელევიზიების შესახებ წერს: „ საქართველოს მედია ნაკლებ თავისუფალი და პლურალისტურია, ვიდრე ის ვარდების 2003 წლის რევოლუციამდე იყო“. Continue reading

Posted in Uncategorized | 1 კომენტარი

ანგარიში – რა მოხდა ზესტაფონში და ვინ დგას ამის უკან

3 აგვისტოს ზესტაფონის ე.წ „ძველ ბაზარში“ ხანძრის შედეგად დაიწვა მთლიანი ბაზრის ტერიტორია, დაახლოებით 1000 კვადრატული მეტრი. აქაური მოვაჭრეების უდიდეს ნაწილს საქონელი სრულად გაუნადგურდა.

ზესტაფონი

ხანძრის საშინელი შედეგების ფონზე, დაპირისპირება მოხდა ბაზრის მეწილეებს – ცეზარ მაღლაკელიძესა და ხინჯიკაშვილს შორის. როგორც მაღლაკელიძე აცხადებს: „მას დიდი ხნის მანძილზე სთხოვდნენ გაეყიდა თავისი წილი, მაგრამ იგი არ თანხმდებოდა.“

Continue reading

Posted in Uncategorized | დატოვე კომენტარი

გლობალური მშრომელთა კლასის ხელახალი შექმნა

მუშათა მოძრაობა არ მომკვდარა – პირიქით, 2008 წლიდან, მუშათა პროტესტის და კლასობრივი მობილიზების შემთხვევათა გახშირება ტალღის დაბრუნების მანიშნებელია.

ბევერლი სილვერი
(სტატიის ორიგინალი: https://roarmag.org/magazine/the-remaking-of-the-global-working-class/ ) 

1980-იანი წლების შემდგომ სოციალურ მეცნიერებებში გაბატონებული მიდგომის მიხედვით, მშრომელთა და კლასობრივი მობილიზაციები ისტორიას ჩაბარდა. ფართოდ იყო აღიარებული, რომ საერთაშორისო დონეზე „გლობალიზაციამ“ ინტენსიური კონკურენცია გააჩაღა მშომელთა შორის, რამაც მშრომელთა ძალისა და კეთლდღეობის ულმობელი დაღმასვლა გამოიწვია. პოპულარული იყო აზრი, რომ წარმოების რესტრუქტურიზაციამ, კერძოდ კი ქარხნების დახურვამ, აუთსორსინგმა, ავტომატიზაციამ და ახალი იაფი მუშახელის მასიურმა მიწოდებამ, ძირი გამოუთხარა უკვე დამკვიდრებულ, მასობრივ წარმოებაში ჩართულ მუშათა კლასს ცენტრალურ ქვეყნებში და შექმნა გადაულახავი ბარიერები ახალი მუშათა კლასის მობილიზაციისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
indonesia_labour_day_mas35.jpg

ამ არგუმენტს ფსკერისკენ რბოლის თეზისი დაერქვა. მისი მომხრეები მოუმზადებლები აღმოჩნდნენ, როდესაც საჭირო გახდა 2008 წლის შემდეგი პროტესტების და კლასობრივი მობილიზაციების ანალიზი. ეს ახალი გამოცოცხლება სხვადასხვა ფორმით გამოვლინდა: ქარხნის მშრომელთა გაფიცვების ტალღა ჩინეთში და აზიის სხვა ნაწილებში, მილიტანტური სპონტანური გაფიცვები სამხრეთ აფრიკის პლატინის მაღაროებში, ჩრდილოეთ აფრიკიდან ამერიკის შეერთებულ შტატებამდე უმუშევრების და ახალგაზრდების მიერ საზოგადოებრივი მოედნების ოკუპაციები თუ ქამრის შემოჭერის პოლიტიკის წინააღდეგ მიმართული პროტესტი ევროპაში. ეს სულ რამდენიმეა იმ ნიშანთაგან, რომლებიც ტალღის დაბრუნებაზე მიგვითითებენ. შეიძლება ჩვენ მსოფლიო მასშტაბით მშრომელთა მოძრაობის აღმავლობის დასაწყისის მოწმენი ვიყოთ.

Continue reading

Posted in Uncategorized | დატოვე კომენტარი

რატომ არის საჭირო დასაქმებულთა ორგანიზებული წინააღმდეგობა?!

სინამდვილეში 9-დან 5-მდე არასდროს არ წარმოადგენს რეალობას, ლანჩზე შესვენებაც კი არ არის მსგავს ადგილებში, უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევაში სამსახურის შესანარჩუნებლად ლანჩსაც კი არ მიირთმევს ადამიანი. ამას დავუმატოთ ის, რომ ხშირად ზედმეტი საათები გიწევს მუშაობა და თუ ამის შესახებ დაიწუწუნებ, ყოველთვის არსებობს ვიღაც უბედური, რომელიც მზად არის შენი ადგილი დაიკავოს. “მონობა არ გაუუქმებიათ, უბრალოდ ყველა კანის ფერს მოარგეს.” –ჩარლზ ბუკოვსკი

13595934_1253138294698398_1685626480_n.jpg

დღეს ჩვენს ქვეყანაში დასაქმებულის სამუშაო ადგილი როგორც წესი არასტაბილურია, რაც თავის მხრივ მშრომელთა კონტროლის ინსტრუმენტია.  კავკასიის ბარომეტრი 2015-ის თანახმად, დასაქმებულების ერთი მესამედი სამსახურს ყოველ წელს კარგავს, თუმცა დასაქმების პროცენტული მაჩვენებელი (34%), მნიშვნელოვნად არ იცვლება, რადგან უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის ფონზე ძნელი არაა ახალი დასაქმებულის ძებნა. “არ მოგწონს?! – წადი, სხვა მოვა.“ – დამსაქმებლების საყვარელი სიტყვებია და მუშაც იძულებულია სამუშაოს შენარჩუნების მიზნით დათანხმდეს შრომის კაბალურ პირობებს, ან იცხოვროს სამუშაოს ცვლის მუდვიმ რეჟიმში.

დღევანდელი ბიზნესი ითხოვს მორჩილ მშრომელებს.  ყველა, ვინც უარს იტყვის უსიტყვო მორჩილებაზე, დაკარგავს სამუშაო ადგილს სხვა მადლიერი მუშის სასარგებლოდ, რომელიც ბედნიერი იქნება რომ არსებობის წყარო აღმოაჩინა.

მაშინ, როდესაც ადამიანებს, არ ჰყოფნით ხელფასი ელემენტარული ყოფითი პრობლემების გადასაჭრელად, ისინი მიმართავენ ბანკებს. 2015 წლის მონაცემებით კვლევითი რესურს ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევების შესაბამისად გამოკითხულთა 46 % – ს ბანკში აქვს სესხი აღებული. ასე რომ, მშრომელები იღებენ კრედიტებს, რის მერეც მიჯაჭვულნი, მთლიანად დამოკიდებულნი  ხდებიან თავიანთ სამსახურებზე. ფაქტიურად თავისუფალი ნება, რომელსაც უნდა ეფუძნებოდეს დამსაქმებლის და დასაქმებულის შრომითსამართლებრივი ურთიერთობა უკვალოდ ქრება.

Continue reading

Posted in Uncategorized | 2 Comments

მიმართვა თბილისის სახ. უნივერსიტეტის რექტორს

28.03.2016

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს

ზურაბ ვადაჭკორიას

მიმართვა

2016 წლის 11 მარტს თ.მ-მ მოგვმართა დახმარების თხოვნით. იგი უკანონოდ იქნა გათავისუფლებული, რადგან მას 4 თვის განმავლობაში თავისი უფროსი სექსუალურად ავიწროებდა. თ.მ-მ საქ. სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მფლობელობაში მყოფ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მუშაობა 2015 წლის 15 ოქტომბერს დაიწყო როგორც სტაჟიორმა გამოსაცდელი ვადით, ხოლო 2015 წლის  17 ნოემბერს ბრძანების საფუძველზე ის სამსახურში ოფიციალურად მიიღეს, როგორც გენერალური დირექტორის ირაკლი კოხრეიძის თანაშემწე. აუცილებელია მოხდეს თანამშრომლის გათავისუფლებამდე ერთი თვით ადრე გაფრთხილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახეზეა, საქართველოს შრომის კოდექსის დარღვევა და პიროვნების შრომითი უფლების შელახვა.

29 წლის თ.მ ცხოვრობს ავადმყოფ მამასთან ერთად ქირით და მის ერთადერთ შემოსავალს წარმოადგენდა ამ საავადმყოფოში მიღებული ხელფასი, ხოლო დედა კი შრომითი ემიგრანტია ევროპაში. აღსანიშნავია, ის რომ თ.მ-ს თავდაპირველად ჰქონდა ინფრასტრუქტურის განყოფილებაში სამუშაოს მოლოდინი, მაგრამ ირაკლი კოხრეიძის დაჟინებული მოთხოვნით ის მის თანაშემწედ დაინიშნა.

თ.მ.-ის გადმოცემით, მთელი 4 თვის განმავლობაში გენერალური დირექტორი  ირაკლი კოხრეიძე, თითქმის ყოველდღიურად ახორციელებდა სექსუალურ ზეწოლას ნასვამ მდგომარეობაში სამუშაო დროს. ის თ.მ-ს თქმით მას ირაკლი კოხრეიძე მიმართავდა შემდეგი ფრაზებით: „ნაშას გავხარ და უარს რატო მეუბნები“, „უნდა გაგჟიმო“, „ჩემი საკუთრება უნდა იყო, მე ვარ შენი გენერალური დირექტორი, როგორც მე გეტყვი, ისე უნდა მოიქცე’’ და ა.შ. ირაკლი კოხრეიძის მხრიდან სისტემატურად ადგილი ჰქონდა დასაქმებულის მიმართ არასასურველ შეხებას, რაც არის დასაქმებულის მიმართ სექსუალური ძალადობა. აღსანიშნავია ის, თუ რატომ არ იჩივლა ამ 4 თვის განმავლობაში თ.მ-მ. მისი მატერიალური მდგომარეობის გამო, მას არ შეეძლო ამ სამსახურის დაკარგვა, რაც აიძულებდა მას აეტანა ზემოთ ხსენებული დამცირებები.

თავის დაცვის მიზნით, ის ცდილობდა სამსახურის შემდგომ არ შეყოვნებულიყო შენობაში მარტო, უმეტესად მოძრაობდა ხალხის ჯგუფთან ერთად, ის ხშირად მიმართავდა ირაკლი კოხრეიძის პირად მძღოლს დახმარებისთვის, უმეტესად მაშინ, როდესაც კოხრეიძე არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და ამ დროს ის განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენდა.

საბოლოოდ, ირაკლი კოხრეიძემ 2016 წლის 5 თებერვალს კატეგორიულად მოითხოვა დასაქმებულისაგან პირადი განცხადების საფუძველზე წასვლა.  თ.მ-ს სამსახურიდან წასვლის მოთხოვნა განხორციელდა დასაქმებულის მიმართ ზეწოლით, დამცირებით, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის საფუძველზე. თ.მ-მ მიმართა ამ პრობლემით სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, ზურაბ ვადაჭკორიას, მიეღო შესაბამისი ზომები ამ ფაქტებთან დაკავშირებით, რაზეც მან პასუხად მიიღო ის, რომ თვის ბოლომდე მოხდებოდა რეაგირება და ირაკლი კოხრეიძე სამსახურიდან გათავისუფლდებოდა, თ.მ-ს კი სხვა სამსახურში გადაიყვანდა,  მაგრამ 1 თვის შემდგომ ცვლილება არ ყოფილა. აღსანიშნავია ის, რომ თ.მ-თან შელაპარაკებისას, ირაკლი კოხრეიძე თავს ხშირად „რექტორის ფავორიტად“ მოიხსენიებდა და იძახდა რომ მას სამსახურიდან ვერავინ გააგდებდა, რაც გვაფიქრებინებს იმას, რომ რექტორი მას ამჟამად ხელს აფარებს. თ.მ. შრომითი უფლებების დაცვის მიზნით არასამთავრობო ორგანიზაცია  ,,საერთაშორისო დემოკრატიული განვითარების ცენტრის“ იურისტების მიერ შეტანილ იქნა სარჩელი  თბილისის საქალაქო სასამართლოში.

უმთავრესია გავაანალიზოთ, რომ შრომითი დავის მიღმა ამ საქმის საწყისი წერტილი არის ძალადობრივი კულტურა. ამ ძალადობრივი კულტურის მთავარ მსხვერპლს ქალი წარმოადგენს. დღევანდელ რეალობაში ქალის სხეული აღქმულია როგორც ნივთი, რომელზეც განხორციელებული სიტყვიერი თუ ფიზიკური ძალადობა არის კულტურულად დაშვებული. საქართველოში თ.მ-ს მდგომარეობა ერთადერთი და უნიკალური არ არის. ამ პრობლემით მრავალი ქალი იტანჯება სამუშაო ადგილებზე. მათ, ძირითადად ეკონომიკური მდგომარეობა უფლებას არ აძლევთ ხმა ამოიღონ და ამავდროულად კანონი ვერ უზრუნველყოფს ამ პრობლემის აღმოფხვრას. დღეს, ყველა ქალს უწევს სამუშაო ადგილზე, სახლში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ქუჩაში თუ ინტერნეტ სივრცეში „ნორმად“ ქცეული სექსუალური ძალადობების ატანა.

მართალია, ეს ქალების ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მაგრამ ის შეურაცყოფა, რასაც თ.მ 4 თვის განმავლობაში იტანდა, სცდება ამ „ნორმის“ ფარგლებს. მიუხედავად იმისა, თ.მ ამ ხარისხის ძალადობას იტანდა თავისი სოციალური ფონის გამო, საბოლოო ჯამში ის მაინც გაათავისუფლეს, რადგან ირაკლი კოხრეიძემ სექსუალური კავშირის დამყარებაზე თანხმობა ვერ მიიღო. მან განუცხადა თ.მ-ს, რომ ხალხში მათზე ჭორები ვრცელდებოდა და მისი რეპუტაცია რომ არ შელახულიყო, ამიტომაც თ.მ  სამსახურიდან უნდა წასულიყო.

ამ პროცესს უფრო მეტად ართულებს სექსუალური ძალადობის ის სტიგმა, რომ ამ ფაქტის გამოაშკარავებით შერცხვენილი და საზოგადოებისგან უარყოფილი კვლავ ქალი რჩება, კაცის სიტყვა კი საზოგადოებისთვის ყოველთვის უფრო წონიანია, მაშინაც კი თუ ქალს ძალადობის ფაქტობრივი მტკიცებულებებიც გააჩნია. ჩვენ „ქალთა მზერა“, ააიპ ,,საერთაშორისო დემოკრატიული განვითარების ცენტრი“  და „თბილისი სოლიდარობის ქსელი“ მოგიწოდებთ საზოგადოებას და სხვადასხვა მოძრაობებს შემოგვიერთდეთ, სოლდარობა გამოვუცხადთ დაზარალებულს და არ დავუშვათ, რომ ამ დანაშაულებრივმა ქმედებამ კვლავ უხმაუროდ ჩაიაროს. მივმართავთ საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, ზურაბ ვადაჭკორიას, სასწრაფოდ განახორციელოს ქმედითი ზომები და გაათავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან ირაკლი კოხრეიძე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ არ გავჩერდებთ და დავიწყებთ მშვიდეობიან საპროტესტო აქციებს.

Posted in Uncategorized | დატოვე კომენტარი