თბილისის სოლიდარობის ქსელი

2013 წელს საქართველოს შრომის კოდექსში შესულმა ცვლილებებმა დასაქმებულთა უფლებები საკანონმდებლო დონეზე მეტ-ნაკლებად გააუმჯობესა, თუმცა სახელმწიფომ დღემდე ვერ შეძლო შეექმნა აღსრულების მექანიზმი (შრომის ინსპექცია) რომელიც დასაქმებულთათვის მათთვის მინიჭებული შრომითი უფლებებით სარგებლობის გარანტი გახდება.  ამასთან, უმუშევრობის მაღალი დონის, სოციალური პროგრამების სიმცირის და  კრედიტებითა და ვალებით დამძიმებული მოსახლეობის ფონზე, დამსაქმებელს საშუალება ეძლევა ბოროტად ისარგებლოს ამ ფაქტორებით და უგულებელყოს ადამიანის შრომითი და არა მხოლოდ შრომითი უფლებები.

ეკონომიკის ყოველ სექტორში, სახელმწიფო სამსახურებში თუ კერძო კომპანიებში ყოველდღიურად ირღვევა შრომითი უფლებები სხვადასხვა დონეზე :  იქნება ეს ზეგანაკვეთური სამუშაოს არასათანადო ანაზღაურება ან  საერთოდ აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური შრომა; ანაზღაურების დაგვიანება ან დანაკლისით გაცემა, კონტრაქტით გაწერილ მოვალეობებზე მეტის დაკისრება და მოთხოვნა, დამსაქმებლის მხრიდან უფლება-მოვალეობების გადამეტება, შრომის კოდექსთან შეუსაბამო ხელშეკრულების შედგენა, შრომის უსაფრთხო პირობების არ არსებობა და ასე შემდეგ.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე,  გადავწყვიტეთ შევქმნათ “თბილისის სოლიდარობის ქსელი” –  საქართველოს გაერთიანებულ პროფკავშირებთან თანამშრომლობით, რომელიც მისცემს საშუალებას ნებისმიერ სექტორში დასაქმებულ ადამიანს, იბრძოლოს ღირსეული შრომის პირობებისთვის, სამართლიანი ანაზღაურებისათვის თუ სხვა უფლებებისათვის. ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად, თავად განვიცდით  მსგავს უსამართლობას, ერთმანეთის დახმარებით, ერთობლივი მოქმედებით დავიცავთ ჩვენს უფლებებს – იქნება ეს თანამოაზრეთა ორგანიზების და დემონსტრაციების გამართვის საშალებით, ინფორმაციის გავრცელებით, სასამართლოს გზით თუ რაიმე სხვა მშვიდობიანი მეთოდით.

ქსელის მიზნებია:

  • მიაწოდოს ინფორმაცია დასაქმებულადამიანებს  თავიანთი შრომით უფლებების შესახებ;  დაუდგეს მათ გვერდით, რათა მათ მარტო არ მოუწიოთ ბრძოლა.
  • დასაქმებულთა ორგანიზების, ერთმანეთთან დაკავშირების და საერთო პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლისათვის გაერთიანების ხელშეწყობა,
  • ამ პრობლემების გაცნობა ფართო საზოგადოებისთვის, რათა ქვეყანაში დაფასებული იყოს ყოველი ადამიანის ღირსეული შრომის უფლება და არ დავუშვათ შეეწიროს მათიფიზიკური, ფსიქიკური და მორალური ჯანმრთელობა  ბიზნესის ინტერესებს.

58

 

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

დატოვე კომენტარი