მუშათა კლასის მებრძოლი ხასიათი გლობალურ სამხრეთში

იმანუელ ნესი

იმანუელ ნესი არის ავტორი წიგნისა “სამხრეთის აჯანყება: გლობალური მუშათა კლასის შექმნა”. (Pluto. 2016) ის არის პოლიტიკური მიცნიერების ფაკულტეტის წევრი ბრუკლინის კოლეჯში, ნიუ იორკის უნივერსიტეტში და იოჰანესბურგის უნივერსიტეტის სოციალური ცვლილების ცენტრში.

1980-იან წლებში, მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში გაბატონებულმა ეკონომიკებმა შეაბიჯეს შორსგამიზნულ ტრანზიციაში სახელმწიფოს მონაწილეობიდან კერძო სექტორის დომინირებაზე. გადასვლის პროცესი ყველგან ერთგვარი არ იყო: ზოგიერთ შემთხვევაში, საბაზრო კონტროლზე გადაწყობა თანდათანობით, სოციალური კეთილდღეობიდან სახელმწიფო სუბსიდიების ნაბიჯ-ნაბიჯ ამოღებით მოხდა. სხვაგან, საზოგადოებრივი კეთილდღეობის რადიკალური უარყოფა ერთბაშად განხორციელდა, რაც შემდგომში შოკის თერაპიის სახელით გახდა ცნობილი.

გლობალურ სამხრეთში, სადაც სახელმწიფოების უმეტესობაში სოციალური კეთილდღეობის ქსელები სუსტი იყო, ეკონომიკური ლიბერალიზაცია გადაიკვეთა სახელმწიფო წარმოების პრივატიზაციასთან და საბაზრო ინტეგრაციასთან გლობალურ კაპიტალისტურ ეკონომიკაში. მაშინ, როდესაც ჩრდილოეთის კაპიტალისტურ და სოციალისტურ ეკონომიკებში, მეოცე საუკუნის ინდუსტრიალიზაცია, ჩვეულებრივ, სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფოების კონტექსტში განხორციელდა, სამხრეთში, მასიური ინდუსტრიალიზაცია ჯანდაცვის, საკვების, ბავშვთა საჭიროებების, საცხოვრებელის, განათლების, უმუშევრობისგან დაზღვევის და მშრომელებისთვის და მათი ოჯახებისთვის პენსიების უზრუნველყოფის გარეშე მოხდა.

უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობა საექსპორტო პროდუქციის წარმოებისთვის

წარმოებაში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები თავმოყრილია სპეციალურ ზონებში. ასეთია სპეციალური ეკონომიკური ზონები (ს.ე.ზ.) სადაც მშრომელთა უფლებები შეზღუდულია. იმ კრიტერიუმების ნიადაგზე, რომლებიც დიდწილად არეგულირებენ ხელფასებს და შრომის პირობებს, ფინანსური კაპიტალი დომინირებს სამეწარმეო გადაწყვეტილებებზე. ფინანსური კაპიტალისტები იღებენ მოგებას კონტრაქტორების დაქირავებით, რომლებიც თავის მხრივ, მუშებს ყველაზე დაბალ ხელფასებს უხდიან (სხვა სიტყვებით, ზეექსპლუატაცია). ინდუსტრიული კონტრაქტორები უცხოური მულტინაციონალური ინვესტორების ხელქვეითები არიან: თუ ისინი ვერ გაამართლებენ მოგების მოლოდინებს, ფინანსური კაპიტალისტები გადადიან დაბალხარჯიან მწარმოებლებზე. სამთო და ნავთობის ინდუსტრიებშიც კი, როდესაც შრომის საფასური იზრდება და საფრთხეში აგდებს მოგებას, კაპიტალი რეინვესტირებს წიაღისეულის ამოღების ახალ მეთოდებში. ინვესტიციის დაკარგვის შიში მწარმოებლებს სამეწარმეო ოპერაციების რესტრუქტურიზაციისკენ უბიძგებს, რათა დაეცეს ხარჯები და აღდგეს მოგების მაღალი დონე.

3განვითარებადი ქვეყნები მიჰყვებიან, ოთხმოციანებში, ჩინეთსა და მექსიკაში, წარმოებაში ინვესტიციის გაჩენისთვის დანერგილ მოდელს და ცდილობენ უცხოური კაპიტალის მიზიდვას ცალკეული სამთავრობო რეგიონების და ანკლავების მოწყობით. ესენია სპეციალური ეკონომიკური ზონები. ადგილობრივ კერძო მეწარმეებთან, მშრომელთა კონტრაქტორებთან და უძრავი ქონებით მოვაჭრე ფირმებთან ერთად, ს.ე.ზ.-ებით, პირველ რიგში, სარგებელს იღებენ მულტინაციონალური ბრენდები, რომლებიც უწესებენ კონტრაქტორებს წარმოების პირობებს. მოგება გარანტირებულია დაბალხარჯიანი წარმოებით, რომელსაც განაპირობებს (ჩრდილოეთთან შედარებით) სამხრეთის ს.ე.ზ.-ებში არსებული ხელფასების დაბალი დონე. ნაწარმის ფასის დაწესებით, უმეტეს შემთხვევაში, მულტინაციონალურ კომპანიებს დაბალი სახელფასო განაკვეთების დაწესებაც შეუძლიათ. ჩვეულებრივ, უცხოური ბრენდები თანამშრომლობენ კონტრაქტორებთან იმ ქვეყნებსა და რეგიონებში, სადაც წარმოების ფართო არჩევანია, რაც კონტრაქტორებსა და მშრომელებს შორის დაპირისპირების შემთხვევაში, ბრენდებს სხვაგან ინვესტირების საშუალებას აძლევს.

გლობალურ სამხრეთში, ფინანსური კაპიტალი წყალივით მიმოიქცევა ყველაზე დაბალ დონეებში. მოგებას უზრუნველყოფენ მორჩილი ნაციონალური მმართველი კლასები, რომლებიც ცდილობენ დაბალი ხელფასების შენარჩუნებას, აფერხებენ მუშათა ორგანიზებას პროფკავშირებში და ხშირად იყენებენ შეიარაღებულ ძალოვანებს არასანქცირებული სტიქიური გაფიცვების ჩასახშობად.

ს.ე.ზ.-ი ითვალისწინებს სამთავრობო თანამშრომლობას, რათა საექსპორტო ფირმებისთვის უზრუნველყოფილი იყოს მორჩილი და დაბალანაზღაურებადი შრომა. ამ მიზნის მისაღწევად, ს.ე.ზ.-მა უნდა:

  • მიიზიდოს დაბალანაზღაურებადი მშრომელების ჭარბი რაოდენობა.
  • შეუწყოს ხელი მწარმოებლების მიერ მშრომელების ექსპლუატაციას იმ შრომითი რეგულაციების მოხსნით, რომლებიც განსაზღვრავენ ხელფასს და შრომის პირობებს.
  • შექმნას პროფკავშირისგან თავისუფალი გარემო, დაბალანაზღაურებადი შრომის უხარვეზოდ გაგრძელებისთვის და გაფიცვების აღკვეთისთვის, რომლებიც პოტენციურად აფერხებენ წარმოებას.

ამგვარად, ს.ე.ზ.-ები იღებენ მაღალ საფასურს განვითარებადი ქვეყნების მუშათა კლასისგან უცხოური ვალუტის შემოსავლის სანაცვლოდ, რომელიც თავის მხრივ, საექსპორტო წარმოებიდან მომდინარეობს. მთლიანი რეგიონების ოპერაციების დასარეგულირებლად, ს.ე.ზ.-ებს მართავენ როგორც სახელმწიფო, ასევე კორპორაციული მოხელეები. ამ ზონების მთავარი მახასიათებელია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ლოჯისტიკაში უცხოური ინვესტიციების შემოსვლის გამარტივებით, ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურის განვითარებას – რეგიონალურ და საერთაშორისო გადაზიდვის ქსელებს, ენერგეტიკის და ელექტროენერგიის ბადეებს – და ხელს შეუწყობს სოციალური მომსახურების და საცხოვრებელის შექმნას მორჩილი სამუშაო ძალისთვის, რათა მათ იშრომონ საწარმოო ინდუსტრიებში.

გლობალურ სამხრეთში, ს.ე.ზ.-ების მიერ დაქირავებული პოლიცია და დაცვა, რომელსაც კრიმინალის აღკვეთა ევალება, მუშათა მობილიზაციის შემაფერხებლის როლს ასრულებს. ს.ე.ზ.-ებში და უცხოურ ფირმებში, დაცვის აპარატში შედის სათვალთვალო კამერები, რომლებიც გამოიყენება მუშათა ორგანიზების კონტროლში და მათი ლიდერების ამოცნობაში.

მიგრაცია და პროლეტარიზაცია

მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეებში, ევროპის და ჩრდ. ამერიკის ინდუსტრიალიზაცია დიდწილად დამოკიდებული იყო მიგრანტების შრომის ხელმისაწვდომობაზე. ევროპელ მიგრანტ მშრომელებს ასაქმებდნენ ამერიკის ტანისამოსის, მეტალის, საავტომობილო და ელექტრონიკის ინდუსტრიებში, რომლებიც ძირითადად გამორიცხავდნენ და ავიწროვებდნენ შავკანიან, მექსიკელ, აზიელ და არათავისუფალ მშრომელებს. მსგავსად, თუმცა გაცილებით უფრო მასშტაბურად, დღეს, ინდუსტრიალიზაცია გლობალურ სამხრეთში დამოკიდებულია იმ მშრომელებზე, რომლებიც გადაადგილდებიან სოფლებიდან ინდუსტრიულ ზონებში, სადაც მათ ხშირად ავიწროვებენ.

4მიგრანტი მშრომელების დაქირავება კორპორაციული სტრატეგიაა მუშათა  სარეზერვო არმიის (უმუშევრების) გასაზრდელად და ხელფასების შესამცირებლად. მიგრანტების დაქირავება იდეალური ვარიანტია, რადგან ისინი ახალმოსულები არიან და არ ირიცხებიან ტრადიციულ პროფკავშირებში, რაც დამსაქმებელს სამუშაო ადგილზე ავტორიტარული კონტროლის შენარჩუნების საშუალებას აძლევს. ახალ ინდუსტრიულ ზონებში, მშრომელების უმრავლესობას შეადგენენ ახალგაზრდა, სოფლიდან ჩამოსული ადამიანები, რომლებიც არ იცნობენ საკუთარ უფლებებს და ძირითადად, განცალკევებულები არიან დანარჩენი მშრომელებისგან. დამსაქმებელს, როგორც დომინანტურ ძალას სამუშაო ადგილზე, შეუძლია ხელფასების და შრომითი პროცესის სრული კონტროლი: კოლექტიური ხელშეკრულების, უფროსობის სისტემის და საჩივრების განხილვის თავიდან არიდებით, მათ დაუსჯელად შეუძლიათ მუშების დისციპლინირება. ისინი იხსნიან სოციალურ პასუხისმგებლობას მშომელების მიმართ და ეყრდნობიან მუშათა სარეზერვო არმიას, რომლისთვისაც შეუძლებელია სოფლებში გადარჩენა და შესაბამისად, სასოწარკვეთილი, მზად არის იმუშავოს ნებისმიერ ხელფასზე.

ინდოეთის ინდუსტრიულ ზონებში, მშრომელთა კარიერის ხანგრძლივობა შეიძლება არ გასცდეს 5-6 წელს და 25 წლის მშრომელი უკვე მოხუცად და ჩანაცვლებადად ითვლება. სამუშაო ძალის ჭარბი მიწოდების და მიგრანტი მშრომელების სიცოცხლის შედარებით მოკლე ხანგრძლივობის შედეგად, კაპიტალი დამოკიდებულია ინფორმალიზაციასა და არასტაბილურ სამსახურზე, რათა მოხდეს მუშების გამოყვანა სისტემიდან. უვადო მშრომელებს აიძულებენ არასტაბილურ (პრეკარიულ) სამსახურებში გადასვლას, ზოგჯერ კი სოფელში დაბრუნებისკენაც უბიძგებენ. თუმცა, როგორც იან ბრემანი აჩვენებს, არაფორმალური შრომა ქალაქებში იქცა ნორმად სამხრეთ აზიაში და ინდუსტრიული მშრომელები ვეღარ ბრუნდებიან სოფლებში, რადგან მიწის გასაქონლებამ (კომოდიფიკაციამ) გაანადგურმა მათი ცხოვრების წინანდელი წესი.

მოქალაქეობის უფლება და საცხოვრებელი პირობები

უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, გლობალურ სამხრეთში, მიგრანტი მუშები სულ უფრო ხშირად ცხოვრობენ საერთო საცხოვრებლებში, რომლებსაც მართავენ რეგიონალური კომისიის წევრი კონტრაქტორები. კომისია შექმნილია მიგრანტი მშრომელების საბაზისო საჭიროებების უზრუნველყოფისთვის. ახალმოსულ მუშებს არ აქვთ სოციალური კავშირები ადგილობრივებთან და ძირითადად, დამოკიდებულები არიან სოფლებიდან ჩამოსულ სხვა მუშებზე და ოჯახებზე, რომლებიც მათ მოჰყვებიან. როგორც ახალი საცხოვრებელი ზონა, ჩვეულებრივ, ს.ე.ზ.-ი იზოლირებულია პოლიტიკური და სოციალური მოედნიდან და არ უზრუნველყოფს მშრომელებს სოციალური კავშირებით სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის გარეთ.

მიუხედავად იმისა, რომ სოციალური იზოლაცია აფერხებს მიგრანტი მშრომელების ურთიერთობას პროფკავშირებთან, ხშირად, ის აღვივებს ძლიერ კავშირებს საწარმოს სხვა მუშებთან, რომლებიც ასევე მუდმივი საშიშროების ქვეშ არიან შრომის მძიმე პირობებიდან გამომდინარე და რომლებსაც ემუქრებათ ჩანაცვლება ახალი მუშახელით. მეცხრამეტე საუკუნის გაუცხოებული სამუშაო ძალის მარქსისეული დახასიათება შეიძლება მივუსადაგოთ გლობალური სამხრეთის დღევანდელ მუშახელს.

„ჩვენ უკვე დავინახეთ, თუ როგორ სპობს ეს აბსოლუტური წინააღმდეგობა მუშის მდგომარეობის ყველანაირ სიმშვიდეს, სიმყარეს და უზრუნველყოფილებას, მუდამ ემუქრება მას შრომის საშუალებებთან ერთად საარსებო საშუალებანიც ხელიდან გამოსტაცოს და მის ნაწილობრივ ფუნქციასთან ერთად თვით იგიც ზედმეტი გახადოს; როგორ მძვინვარედ ვლინდება ეს წინააღმდეგობა მუშათა კლასის განუწყვეტელ მასობრივ ჟლეტაში, სამუშაო ძალის უზომო გაფლანგვაში და იმ განადგურებაში, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებრივ ანარქიასთან.“

ახალ საზოგადოებებში, მსხვილი ქალაქების მიჯნებზე ცხოვრებისას, მიგრანტი მშრომელები ხშირად განიცდიან მოქალაქეობის უფლებების და საცხოვრებელი პრივილეგიების ნაკლებობას, რომლებითაც სარგებლობენ ადგილობრივი, საბუთების მქონე და სახელმწიფო სერვისების მიმღები მაცხოვრებლები. მეუღლეებს და ოჯახის წევრებს ეკრძალებათ მუშათა რიგებში შესვლა; ბავშვები რჩებიან ფორმალური განათლების გარეშე; საწარმოს გარეთ ჯანდაცვა ხელმიუწვდომელია; სამუშაო ძალის კაზუალიზაცია საშუალებას აძლევს დამქირავებელს სურვილისამებრ, სათანადო მიზეზის გარეშე დაითხოვოს მშრომელი. ის ასევე ერთმანეთს უპირისპირებს უვადო მშომელებს და არაფორმალურ, დროებით სამუშაო ძალას; ხშირად, ექსპლუატაციის ყველაზე მაღალ წნეხს განიცდიან ახალგაზრდა ქალები, როგორც არაფორმალური და დროებითი მუშახელი.

მუშათა კლასის მებრძოლი ხასიათი გლობალურ სამხრეთში

დღეს, მებრძოლი მუშათა მოძრაობის აშენების მთავარ გამოწვევას წარმოადგენს იმ უთანასწორობის მხილება და გადალახვა, რომელსაც წარმოშობს ღირებულების საერთაშორისო გადატანის იერარქიული სისტემა. ღირებულების საერთაშორისო გადატანა იწვევს გარდატეხას გლობალურ კაპიტალისტურ წესრიგში, რომელიც სამხრეთში, მუშათა კლასის ზეექსპლუატაციაზე დგას.

წარმოების და დაგროვების თანამედროვე გლობალური სისტემა განსაზღვრულია კლასობრივი ბრძოლების 250 წელზე მეტით და კაპიტალიზმის ისტორიული დამოკიდებულებით გლობალურ იმპერიალიზმზე, რომელსაც მოგების გაზრდის მოტივი ამოძრავებს. თანამედროვე კაპიტალიზმის სახასიათო ნიშანია უცხოური ინვესტიციების გაჩენა ფირმებში, რომლებიც პირდაპირ ექსპლუატირებენ მიწებს, რესურსებს, ტექნოლოგიას და ბაზრებს, თუმცა მას ასევე ახასიათებს დაბალანაზღაურებადი შრომა საექსპორტო წარმოების ინდუსტრიებში გლობალურ სამხრეთში. სამხრეთის მაღაროებსა და ქარხნებში, შრომის მავნებელი და განმაცალკევებელი პირობები, რომლებიც იწვევენ გაუცხოებას, ასევე აძლიერებენ ისეთ საბრძოლო განწყობას, რომელიც არ ჩამოუვარდება გლობალური ჩრდილოეთის დიდ ქალაქებში დასაქმებული საბუთების არმქონე, დაბალანაზღაურებული მიგრანტი მშრომელებისას.

მეოცე საუკუნეში გაჩენილი პროფკავშირები შეიქმნა იმ ჩრდილოელი მუშათა კლასის წარმომადგენლად, რომელმაც ვერ მოაღწია დღევანდელ ეპოქამდე. სამხრეთში, დამკვიდრებული პროფკავშირების უმეტესობა ანტიკოლონიალურ ბრძოლებში ჩართული მუშათა მოძრაობების მემკვიდრეობაა. მათ არ აქვთ მნიშვნელოვანი კავშირები თანამედროვე მუშათა კლასთან. ჩინეთის შრომის კონფედერაციაც კი წარსულის დანატოვარია. შეიქმნა რიგი პროფკავშირებისა, რომლებმაც განაგრძეს არსებობა ფორმალური დამოუკიდებლობის პერიოდში და იცავდნენ მუშების უფლებებს. როგორც დასავლეთ ევროპაში, სამხრეთში, პროფკავშირები შეიქმნა ბრძოლის და ექსპლუატაციის პირობებში. ისინი ხშირად გამოდიოდნენ კოლონიალიზმის წინააღმდეგ და ამზადებდნენ ნიადაგს დამოუკიდებლობისთვის.

არსებული შრომითი კონფიგურაციების უმეტესობა მომდინარეობს მუშათა წინანდელი მობილიზაციებიდან და ჩამოყალიბებულია პარტიულ სისტემებში, რომლებმაც განსაზღვრეს მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის შრომითი საქმიანობის და ძალაუფლების ფარგლები. ეს რეჟიმები ავლებენ ოფიციალური პროფკავშირების ზღვრებს და ააშკარავებენ მუშათა კლასის არასანქცირებული მილიტანტიზმის გამოხატვის და განვითარების გასაქანს. საკითხი იმის შესახებ, თუ რამდენად შეუძლიათ არსებულ პროფკავშირებს დამოუკიდებელი მუშათა ორგანიზაციების კონკრეტული განვითარების დატევა, ყოველთვის ღიად რჩება. ჩინეთის, ინდოეთის და სამხრეთ აფრიკის მაგალითები ნათლად გვაჩვენებს, რომ ინდუსტრიული მშრომელები ჩართულნი არიან პირდაპირ მოქმედებაში ინსტიტუციონალიზებული ექსპლუატაციის წინააღმდეგ სხვადასხვა მოედნებზე და აჟღერებენ ისეთ მოთხოვნებს, რომლებიც სახეს უცვლის ტრადიციულ პოფკავშირებს.

ჩინეთი

ინდუსტრიალიზაციის ჩინური მოდელი, რომელიც ჩაისახა ოთხმოციანებში და დაიხვეწა 2010-იან წლებში, დაფუძნებულია ხარისხიანი საექსპორტო პროდუქციის მაქსიმალურად დაბალ ფასში წარმოების უნარზე. მუშათა მოცულობითი სარეზერვო არმია შეიქმნა ინდუსტრიების განლაგებით სტრატეგიულ გეოგრაფიულ ლოჯისტიკურ ჰაბებში და გლეხობის მიწებისგან ჩამოშორებით, რამაც გამოიწვია უთანასწორობა ქალაქებში. ფართო ინდუსტრიალიზაციას და მოდერნიზაციას მოაქვს სავალალო შედეგები კლასობრივი ურთიერთობებისთვის და მიმდინარე კლასობრივი კონფლიქტისთვის. პირდაპირი უცხოური ინვესტიციის ხელშეწყობისთვის საჯარო სექტორმა რეორგანიზაცია განიცადა და დაფუძნდა თავისუფალი ბაზრები, რასაც მოჰყვა მწვავე პროტესტი შედარებით ძველ ინდუსტრიებში ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.

2ჩინეთის კომუნისტური პარტია და შრომის კონფედერაცია ACFTU დომინირებენ ამ ტერიტორიაზე და კრძალავენ ნებისმიერი დამოუკიდებელი ორგანიზაციის შექმნას; ჩვეულებრივ, მუშებს განიხილავდნენ როგორც ხელქვეითებს, რომლებსაც არ აქვთ დამოუკიდებლად ორგანიზების უნარი. თუმცა, სამართლებრივი დაცვის გაფართოვებამ და მის მიერ ახალ საექსპორტო ინდუსტრიებში დასაქმებული მიგრანტების მოცვამ ბიძგი მისცა მილიტანტურ მუშათა მოძრაობას, რომელმაც გააჩაღა გაფიცვების ტალღა უცხოური ინვესტიციებით დომინირებულ საექსპორტო ზონებში 2010-დან 2015 წლამდე. ოფიციალური პროფკავშირების, შუამავლების და მუშაობის შეწყვეტასთან დაკავშირებული კანონების არარსებობის გამო, მუშებს შეუძლიათ გაიფიცონ ნებისმიერი უკმაყოფილების ნიადაგზე ადგილობრივ დონეზე, რაც სულ უფრო მეტად პოულობს გამოხმაურებას სახალხო პროტესტებში და მასობრივ გაფიცვებში, რომლებიც სცდება ადგილობრივ ქარხნებს. ახალ საექსპორტო ინდუსტრიებში, მიგრანტი მშრომელი ქალები ყალიბდებიან მნიშვნელოვან მონაწილეებად ბრძოლაში კონტრაქტორების წინააღმდეგ.

უცხოური არასამთავრობოებით მართული ორგანიზაციების გამორიცხვით, ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ და ACFTU-მ გააფართოვა შრომითი კანონმდებლობა და მოიცვა მიგრანტი მშრომელები და მათი ოჯახები. პარტიამ და კონფედერაციამ მოუწოდეს ადგილობრივ თვითმმართველობებს გაითვალისწინონ მშომელთა მოთხოვნები მაღალი ხელფასებისა და ცხოვრების უკეთესი პირობებისთვის. რიგითი ჩინელი აქტივისტები ACFTU-ს ტრადიციული სტრუქტურების ფარგლებს გარეთ მოღვაწეობენ და თვლიან, რომ მილიტანტიზმი იქნება წარმატებული არა მეტოქე პარტიის ან პროფკავშირის შექმნის გზით, არამედ პირდაპირი ბრძოლით სამუშაო ადგილზე და თემებში.

მიუხედავად სავალდებულო წევრობისა ACFTU-ში, სტიქიური გაფიცვებით, მუშებმა შეიძინეს კონფედერაციაზე და სახელმწიფოზე ქმედითი ზეწოლის უნარი. საექსპორტო ინდუსტრიის მშრომელები აფართოვებენ გაფიცვების მასშტაბებს და ხეირობენ ახალი შრომითი კანონმდებლობით, რომელიც ათანაბრებს ინდუსტრიული მუშათა კლასის მიგრანტ მშრომელებს პროფკავშირის დანარჩენ წევრებთან. სულ უფრო ხშირად, მუშათა კომიტეტები უკეთ ახერხებენ მშრომელთა ინტერესების დაწინაურებას, რასაც ვერ აკეთებენ ადგილობრივი პროფკავშირები.

ინდოეთი

1947 წლიდან, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, პარტიული პროფკავშირების ფედერაციები წარმოადგენენ საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულ მშრომელებს პარლამენტში, სისტემაში, რომელიც უზრუნველყოფს ლეგიტიმაციას. პოსტ-დამოუკიდებლობის პერიოდში, ინდურმა პროფკავშირებმა ვერ შეძლეს ვადიანი დაქირავების გაუქმება, რაც საშუალებას აძლევს ინდუსტრიალისტებს დაასაქმონ ვადიანი მშრომელები უვადო მუშების მხარდამხარ და გამოიყენონ კასტური სისტემა შრომითი სეგრეგაციისთვის და შესაბამისად, სამუშაო ძალის დანაწევრებისთვის.

ოთხმოცდაათიანებში გატარებული საბაზრო რეფორმების შემდეგ, სახელმწიფო და დამსაქმებლები ცდილობენ პოფკავშირების გავლენის შეზღუდვას ინდუსტრიულ სექტორში, რათა მიიზიდონ უცხოური კაპიტალი. პროფკავშირებისგან თავისუფალ კერძო სექტორში უცხოური ინვესტიციების შემოდინებასთან ერთად, მთავრობამ შეაჩერა სახელმწიფოს მფლობელობის ქვეშ მყოფი სექტორის ეკონომიკური მხარდაჭერა და ამგვარად, შეამცირა პროფკავშირების წევრების რაოდენობა და მათი გავლენა ელექტორალურ პოლიტიკაში. ცალკეული ქარხნების დამოუკიდებელ პროფკავშირებს არ ძალუძთ ნაციონალური შეთანხმებების დადება და ხელფასების და ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად, ძირითადად, გაფიცვებსა და პირდაპირ მოქმედებაზე არიან დამოკიდებულები. მჯდომიარე გაფიცვების ტალღა ინდოეთში 2012-დან 2014 წლამდე ძალადობრივად ჩაახშო კორპორაციულმა დაცვამ და სახელმწიფო პოლიციამ. მიუხედავად ამისა, ს.ე.ზ.-ებში, გაფიცვები სულ უფრო ხშირია.

1ვადიანი დაქირავების სისტემის უარყოფით და ყველა დასაქმებულისთვის თანაბარი სტატუსის მოთხოვნით, გურგაონში, მარუკი-სუზუკის მუშებმა შეუტიეს ინდოეთის წარმოების წესს, რომელიც ეყრდნობა მშრომელების დაყოფას. სოლიდარობა ყველა მუშის ინტერესში იყო. უვადო მუშებს აღარ დაემუქრებოდათ მორჩილი მშრომელებისგან მომდინარე საშიშროება, ხოლო არაფორმალურ მშრომელებს მიენიჭებოდათ თანაბარი უფლებები და ხელფასი ისეთი პროფკავშირის მეშვეობით, რომელიც არ ანსხვავებს დასაქმებულებს მათი სტატუსის მიხედვით. სახელმწიფომ მათ რეპრესიებით, ძალადობით და დაპატიმრებით უპასუხა.

საერთო ჯამში, ფესვგადგმული პროფკავშირები უცვლელად რჩება. შედეგად, ისინი კარგავენ წევრებს. ინდოელი მუშების 90 პროცენტზე მეტი არაფორმალურ სექტორშია დასაქმებული და არ ჰყავს წარმომადგენლობა. მუშათა მობილიზაციის და გაფიცვების წინა ხაზებზეა დამოუკიდებელი პროფკავშირი ბიგულ მაზდოორ დასტა (ბმდ). ბმდ-მ კრიტიკული როლი ითამაშა ინდოეთის მასობრივ გაფიცვებში, მათ შორის ვაზიპურის რკინისა და ფოლადის ქარხანაში ჩრდილოეთ დელიში. ის თავს უყრის ურბანულ სლამებში მცხოვრებ მშრომელებს, რომლებიც არ არიან მიჯაჭვულნი ერთ სამუშაო ადგილზე. დღემდე, სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფკავშირები არ დაპირისპირებულან ვადიანი დაქირავების სისტემასთან. მუშათა ორგანიზება ისევ მოიცავს მხოლოდ უვადო დასაქმებულებს, რაც ქმნის პრობლემებს დამოუკიდებელ პროფკავშირებთან. სწორედ დამოუკიდებელი პროფკავშირები იქნებიან ბრძოლის ეპიცენტრში მომდევნო წლებში.

განსხვავებით ბმდ-სგან, რომელიც მასობრივი გაფიცვების ორგანიზებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა 2015-16 წლებში, დომინანტური პროფკავშირები ვერ ახერხებენ იმ კრიტიკული პრობლემების გადაჭრას, რომლებიც მწვავედ დგას მშრომელების დღის წესრიგში. ამის მიზეზებია: ინდოეთის მზარდ სლამებში მცხოვრები მუშების მდგომარეობის არცოდნა; ვადიანი დასაქმების სისტემის გავრცელება და განგრძობა – ხშირად, კასტის, გენდერის და ასაკის ნიადაგზე – მშრომელთა უმრავლესობისთვის; და სახელმწიფოს და კაპიტალის გამალებული ბრძოლა პროფკავშირების წინააღმდეგ. არსებულ პროფკავშირებში გაწევრიანებასთან დაკავშირებული დაბრკოლებების საპასუხოდ, მშრომელები ქმნიან დამოუკიდებელ პროფკავშირებს საკუთარი ინტერესების რეპრეზენტაციისთვის.

სამხრეთ აფრიკა

ოთხმოციანების ბოლოს, გარდამტეხი ფაქტორი, რომელმაც სამხრეთ აფრიკის მთავრობას აპარტეიდის დასრულებისკენ უბიძგა, გლობალურ კაპიტალისტურ ეკონომიკაში შესვლის საჭიროება იყო. ვაჭრობაზე დაწესებული სანქციები აფერხებდა ზრდას ყველაზე მნიშვნელოვან სექტორებში – მინერალების და ავტომობილების წარმოებაში. თუმცა, 1990 წლისთვის, სამხრეთ აფრიკა იცვლიდა კურსს ექსპორტის ხელშეწყობისკენ და სულ უფრო მეტად შედიოდა ურთიერთდამოკიდებულებაში მსოფლიო ეკონომიკასთან. პოსტ-აპარტეიდულმა მთავრობამ მიანიჭა შავკანიანებს პოლიტკური უფლებები ექვივალენტური ეკონომიკური უფლებების გარეშე. მეტიც, მთავრობამ გადაავადა მნიშვნელოვანი სახელფასო ზრდები ინდუსტრიული მუშათა კლასისთვის ზუსტად იმ სამთო და საავტომობილო მრეწველობაში, რომელიც ასე მნიშვნელოვანი იყო სამხრეთ აფრიკის ეკონომიკისთვის. სიღარიბე, უმუშევრობა და უთანასწორობა გაიზარდა.

სამხრეთ აფრიკაში, კორპორატისტულმა სისტემამ ვერ მოახერხა მუშათა კლასის ინტერესების წარმოდგენა, განსაკუთრებით სამთო და სამრეწველო სექტორებში. COSATU-ს, სამხრეთ აფრიკის პროფკავშირების მოწინავე კონფედერაციას აკონტროლებს სამმხრივი ალიანსი, რომელიც დომინირებს პოლიტიკურ სფეროში პოსტ-აპარტეიდულ პერიოდში. კონფედერაციას არ გაუწევია წინააღმდეგობა სახელმწიფოს ნეოლიბერალური პოლისებისთვის, რომელთა შედეგად, შრომით კონტრაქტორებს მიეცათ მრავალდონიანი სახელფასო სისტემის დაწესების საშუალება.

სამხრეთ აფრიკამ იხილა AMCU-ს გაჩენა – სრულიად ახალი პროფავშირის სამთო სექტორში, რომელიც შეიქმნა NUM-ის მიერ მულტინაციონალური კომპანიების წინააღმდეგ სამთო სექტორის მუშების წარმომადგენლობაზე უარის თქმის საპასუხოდ. AMCU ეწინააღმდეგება მთავრობის და მენეჯმენტის თანამშრომლობას. მშრომელთა თვითორგანიზება გავრცელდა სამხრეთ აფრიკის სამთო სექტორში 2009-დან 2014 წლამდე და დასრულდა პლატინის მუშების ხუთ თვიანი საქვეყნო მასშტაბის გაფიცვით პლატინის კონგლომერატების წინააღმდეგ.

მუშების აჯანყება გავრცელდა საავტომობილო და ელექტრონიკის ინდუსტრიებშიც, სადაც მთავარმა პროფკავშირმა NUMSA-მ გაიაზრა, რომ იმ შემთხვევაში, თუ არ გაატარებდა მუშების ინტერესებს, NUM-ის ბედს გაიზიარებდა. 2014 წლის ნოემბერში, NUMSA დისტანცირდა მულტინაციონალური კაპიტალის მხარდამჭერი ეროვნული კონგრესისგან და დაიწყო მუშების მობილიზება საკვანძო ინდუსტრიებში. პროფკავშირი გარიცხეს COSATU-დან (შრომის ფედერაცია). წლევანდელ მაისს, NUMSA შეუერთდა ჩვიდმეტ სხვა პროფკავშირს და შექმნა მშრომელთა დამოუკიდებელი ფედერაცია, რომელიც ებრძვის სამხრეთ აფრიკაში გაბატონებულ მულტინაციონალურ კორპორაციებს.

პროფკავშირების მომავალი

დღეს, გლობალურ სამხრეთში, პროფკავშირები იმყოფებიან ისტორიულ გზაჯვარედინზე, რომელიც მათ მომავალ სიცოცხლისუნარიანობას განსაზღვრავს. ჩვენ გვაყრუებს ლოზუნგი იმის შესახებ, რომ ერთადერთი რაც პროფკავშირებმა უნდა აკეთონ, არის ზრდა, რათა შეძლონ მშრომელთა ინტერესების დაწინაურება. სინამდვილეში, კაპიტალისტური გლობალიზაცია ზღუდავს პროფკავშირების უნარს აუბან ფეხი თანამედროვე ეპოქის ცვალებად პირობებს. სამხრეთში, ნეოლიბერალური კაპიტალისტური ინდუსტრიალიზაციის შედეგად, პროფკავშირები მოძველებულ ინსტიტუციებად იქცევა. სახელმწიფოს და კაპიტალის შეტევებთან ერთად, ისინი კარგავენ გავლენას მშრომელებში. იმის გათვალისწინებით, რომ პროფკავშირები დამოუკიდებლობის და ანტიკაპიტალისტური ბრძოლის პოლიტიკური და ლეგალური ჩარჩოებიდან მომდინარეობენ, კითხვა: გადარჩებიან (ან აყვავდებიან კიდევაც) თუ არა კონკრეტული პროფკავშირები მომავალში, ღიად რჩება.

როგორც წინანდელ ეპოქებში, სიღარიბე და უთანასწორობა დაკავშირებულია გენდერთან, რასასთან, ეროვნებასთან, კასტასთან, რელიგიასთან და სხვა სოციალურ დაყოფებთან. ჩრდილოეთში, საშემოსავლო უთანასწორობა და არასტაბილური სამსახურები გაიზარდა სამოცდაათიანებიდან, მაგრამ აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის სამრეწველო ინდუსტრიებში, სიღარიბე და უთანასწორობა ბევრად უფრო მაღალია. სამხრეთში, ახლად პროლეტარიზებული მუშები შრომობენ ქარხნებში, მაღაროებში და პლანტაციებზე – ჩვეულებრივ, სტაბილური სამსახურის გარეშე – პროფკავშირებს, რომლებიც მათ წარმოადგენენ, არ ძალუძთ მოლაპარაკებების წარმოება სათანადო ხელშეკრულებებისთვის.

ამასობაში, მეოცე საუკუნის ევროპული და ამერიკული მოდელებიდან წამოსული ტრადიციული პროფკავშირები ხელს უწყობენ გლობალური სამხრეთის მუშათა კლასის შევიწროვებას, ვინაიდან მხარს უჭერენ მათ შეყვანას დომინანტურ ბიუროკრატიულ სახელმწიფო სტრუქტურებში, სადაც უკეთეს შემთხვევაში, პროფკავშირების ლიდერები დაიყვანებიან შრომითი კონსულტანტების დონემდე, უფრო ხშირად კი მათ საერთოდ არ უსმენენ. გარდა ამისა, ტრადიციული პროფკავშირები ცდილობენ შეინარჩუნონ და გააუმჯობესონ ძველი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ხელფასები და პირობები რამდენიმე პრივილეგირებული წევრისთვის და ამგვარად, იგნორირებენ მშრომელთა უმრავლესობას, რომლებიც არ ირიცხებიან ბირთვში.

მშრომელები ვეღარ ანდობენ თავიანთი თავის დაცვას ბიუროკრატიული პროფკავშირების ლიდერებს. მუშების ავთენტური ბრძოლა გამომდინარეობს თავად ინდუსტრიული მუშებისგან, რომლებიც აშენებენ დამოუკიდებელ პროფკავშირებს, ხოლო იქ, სადაც მათ გაერთიანებებს არ აღიარებს სახელმწიფო, აიძულებენ არსებულ პროფკავშირებს გაატარონ მათი ინტერესები. სწორედ მუშათა რადიკალიზმის განვითარება გამოიწვევს მომაკვდავი ტრადიციული პროფკავშირების გადარჩენას. აღიარებული პროფკავშირების არარსებობის პირობებში, ასეთი არაოფიციალური ბრძოლების შედეგები სხვადასხვაგვარია – მაგრამ ინდოეთის, ჩინეთის და სამხრეთ აფრიკის კვლევებიდან მიღებული ემპირიული მტკიცებულებები ცხადყოფს იმას, რომ ეს მოძრაობები იდგავენ ფეხს და აღწევენ ნამდვილ გაუმჯობესებებს ხელფასებსა და პირობებში.

გლობალური სამხრეთის მაგალითები ამტკიცებს, რომ მშრომელთა რიგებში ჩნდება საფუძვლიანი მოძრაობა, რომლის მოთხოვნებიც სცდება არსებული პროფკავშირების სისტემებს. მუშათა მოძრაობები მოღვაწეობენ არსებული პროფკავშირული სტრუქტურების ნაპრალებში, როგორც სანქციებით, ასევე მათ გარეშე. რიგითი მშრომელები აყალიბებენ დამოუკიდებელ ასოციაციებს და აიძულებენ არსებულ პროფკავშირებს გაატარონ მათი ინტერესები.

ამ ბრძოლების განვითარებისთვის, მუშებს დასჭირდებათ დისციპლინირებული და ძლიერი კლასობრივი ორგანიზაცია. კაპიტალის ინტერესებშია ნებისმიერი ფორმის პროფკავშირისთვის ძირის გამოთხრა. საბოლოოდ, არსებული სტრუქტურების ფარგლებში და მათ გარეთ მიმდინარე მუშათა მობილიზაცია გადაიზრდება დისციპლინირებულ ორგანიზაციაში. თითოეული ამ ბრძოლათაგან ცხადყოფს, რომ მუშების იგნორირების დრო დასრულდა. მუშათა მოძრაობები იქმნება და იზრდება. ისინი დაუპირისპირდებიან კაპიტალის, სახელმწიფოს და არსებული პროფკავშირების ლეგიტიმაციას.                        

ინგლისურიდან თარგმნა გიორგი კობახიძემ

ორიგინალი: https://roarmag.org/magazine/working-class-militancy-in-the-global-south/

Advertisements
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s