მედია, მშრომელთა მოძრაობა და დემოკრატიზაცია

რამდენიმე დღის წინ, ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატის, ბექა ნაცვლიშვილის ფეისბუქ გვერდიდან ვუყურე გადაცემა არჩევანს რუსთავი 2-ზე. ინფორმაციის მიღება მობილური ტელეფონებით და სოციალური ქსელებით გაცილებით იოლი ხდება და როგორც სხვა ბევრი ადამიანი, მეც ხშირად ვეღარ ვახერხებ ტელევიზორის ყურებას. თუმცა, მიუხედავად ამისა, მოსახლეობის უმრავლესობა და მთლიანად საინფორმაციო ველი არსებითად კვლავ ტრადიციულ მედია საშუალებებზეა დამოკიდებული. რუსთავი 2, ყველაზე მაღალრეიტინგული არხი, თავისი აშკარა პარტიული მიკერძოებულობით, სამარცხვინოდ დაბალი სტანდარტებითა და  ინფორმაციის მუდმივი  ფალსიფიცირებით, აუცილებლად შეახსენებს და დააფიქრებს ადამიანს საქართველოში მედიის სავალალო მდგომარეობაზე. იმავე საღამოს, შემხვდა საინტერესო ქვეთავი მედიის შესახებ სტივენ ჯონსის წიგნში „საქართველო – პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“. რუსთავი 2-ზე დაბალი ხარისხის დებატებმა, ჟურნალისტების არაკომპეტენტურმა და მიკერძოებულმა კითხვებმა, არა არსებითი თემებზე გამუდმებით აპელირებით გაჯერებულმა ეთერმა რთულია ადამიანი არ გააბრაზოს და არ დააფიქროს ქართული მედიის სავალალო მდგომარეობაზე. რამდენიმე დღეში, 6 ოქტომბერს, გაიმართა საქართველოს მედიის პროფესიული კავშირის პრეზენტაცია,  პროფკავშირი იმ ჟურნალისტებმა, ოპერატორებმა და მემონტაჟეებმა დაარსეს, რომლებმაც ამ გაზაფხულს, საზოგადოებრივ მაუწყებელთან შრომითი დავა წამოიწყეს და გარკვეულ წარმატებასაც მიაღწიეს. ჩემი აზრით, მედია სივრცეში პროფკავშირული ორგანიზაციის გაჩენა სწორედ ის ნაბიჯია, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებელი მედიისთვის ნიადაგის მომზადება. ამ ბლოგით, შევეცდები ავხსნა ჩემეული ხედვა იმისა, თუ რა მნიშვნელობა აქვს მედიაში დასაქმებულ ადამიანთა ჩართვას მშრომელთა მოძრაობაში და რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ამან  საქართველოს მშრომელთა მოძრაობისთვის და ზოგადად, დემოკრატიზაციისთვის.

gmtu

საქართველოს მედიის პროფკავშირის პრეზენტაცია, 2016 წლის 6 ოქტომბერი

ვარდების რევოლუციის შემდეგ, მედიის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები გატარდა.  ძალაში შევიდა  ახალი კანონები სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ და ა.შ.  ამ პროცესებში დიდი როლი ითამაშა არასამთავრობო სექტორის ძალისხმევებმა . თუმცა, ამ ყველაფერმა  სულაც არ გახადა მედია უფრო დამოუკიდებელი და კრიტიკული. პირიქით, მედია სივრციდან ნელ-ნელა ქრებოდა პოლიტიკური თემატიკა და მას იაფასიანი გასართობი და კომერციული გადაცემები ანაცვლებდა, რასაც ჯონსი აშშ-ს საინფორმაციო-გასართობი პროგრამების იმიტირებას უწოდებს. საერთაშორისო გამჭვირვალობა თავის 2009 წლის ანგარიშში ტელევიზიების შესახებ წერს: „ საქართველოს მედია ნაკლებ თავისუფალი და პლურალისტურია, ვიდრე ის ვარდების 2003 წლის რევოლუციამდე იყო“.

ყველას კარგად გვახსოვს იმედში პირდაპირ ეთერში სპეცრაზმის შესვლა. თუმცა, ასევე საინტერესოა, ის ირიბი მექანიზმებიც, რის საშუალებითაც ხელისუფლება ახერხებდა მედიის კონტროლს. მედიის დამოუკიდებლობისთვის ერთ-ერთ ცენტრალური ფაქტორია მისი ფინანსური დამოუკიდებლობა. საქართველოში მედიის ძირითადი შემოსავალი რეკლამისგან შედგება. ჯონსი გამოყოფს ორ ძირითად სარეკლამო კომპანიას „თაჩ მედიას“ და „მედია ჰაუზს“, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის დროს, სარეკლამო ბაზარს აკონტროლებდნენ და მისი თქმით, სახელისუფლო წნეხის გამო, მხოლოდ პროსახელისუფლებო არხებთან თანამშრომლობდნენ. ისინი ოპოზიციურ არხებს ბაზრიდან რიყავდნენ. ასევე, რთული სიტუაცია იყო პრესის მიმართულებით, რომელიც  მალულ რეკლამებზე და შეკვეთილ სტატიებზეა დამოკიდებული. ჯონსი ხაზს უსვავს გაზეთების კორესპონდენტების დაბალ ხელფასებს (თვიური 250-300 ლარი), შრომითი კოდექსის უვარგისობას და სამსახურის შენარჩუნების სირთულეს, რაც განაპირობებს ჟურნალისტების სარედაქციო წნეხის ქვეშ მოქცევას და არ აძლევს მათპროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელების შესაძლებლობას. ხელისუფლების მიერ  მედიაზე ირიბ ზეწოლას 2008 წელს ამხელდა სოზარ სუბარი, რომელიც იმ დროს სახალხო დამცველის თანამდებობას იკავებდა. ერთ-ერთ მოხსენებაში ის ამბობს:  „ხელისუფლების წარმომადგენლები აიძულებენ მეწარმეებს, რომ მათ შეწყვიტონ ოპოზიციურ ტელეარხებთან კომერციული საქმიანობა და რომ ამ ვითარებაში ლიბერალური კანონდებლობა რჩება იმ შირმად, რომლის მიღმაც თავისუფალ სიტყვას ახშობენ.“

%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93%e1%83%98

იმედის დარბევა, 2007 წელის 7 ნოემბერი

ამ პირდაპირი თუ ირიბი რეპრესიის ფონზე, ჯონსი სვამს კითხვას: რა საშუალებები გააჩნიათ ჟურნალისტებს საკუთარი უფლებების დასაცავად? ის ჩამოთვლის ხუთ გზას, რომელიც ქართველმა ჟურნალისტებმა გამოიყენეს. ესენია: ღია წერილი, რომელიც ერთხელ გადასცეს ჯოზეფ ბაიდენს, სოლიდარობის გამოხატვა ერთმანეთის მიმართ, საკანონმდებლო ბრძოლა, საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის დასახმარებლად მიმართვა და ბოლოს, მასიური წასვლა სამსახურებიდან. თუმცა, მისი აზრით, ეს მეთოდები არ გამოდგა საკმარისი იმისათვის, რომ ქართველი ჟურნალისტების  წინააღმდეგობას ორგანიზაციული სახე მიეღო.

ორიოდე სიტყვით უნდა შევეხო 2012 წლის არჩევნებით ხელისუფლების შეცვლის შემდგომ პერიოდს, რომელიც ჯონსის წიგნში არ არის აღწერილი (წიგნი გამოიცა 2012 წელს). უნდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში, საქართველოს დამოუკდიებლობის პერიოდში ალბათ ყველაზე მეტი პოლიტიკური თავიუსფლებაა. შესაბამისად, პრესა და ტელევიზიაც ნაკლებად განიცდის რეპრესიებს ხელისუფლების მხრიდან. საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მიხედვით, 2016 წლისთვის საქართველო 180 ქვეყნიდან 64-ე ადგილს იკავებს, მაშინ როდესაც 2011 წლისთვის 105-ე ადგილი ეკავა. თუმცა, მხოლოდ ამ ნეგატიურმა თავისუფლებამ ვერ უზრუნველყო  4 წელიწადში ძლიერი, დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების ჩამოყალიბება. შევეცადოთ ვუპასუხოთ კითხვას: რატომ ვერ მოხერხდა ეს?

ბოლო 25 წლის განმავლობაში, საქართველოს პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებას კრიმინალური ჯგუფები, პოლიტიკური და ბიზნეს ელიტები,  მოგვიანებით არასამთავრობო სექტორი (რომელსაც, კვლავ ჯონსს რომ დავესესხოთ,  შეგვიძლია შრომითი არისტოკრატია ვუწოდოთ), და დასავლეთიდან მოვლენილი ტექნოკრატები წარმართავდნენ. ელიტური ჯგუფების ინტერესში არასდროს არ შედიოდა კრიტიკული მედიის არსებობა, ხოლო უცხოელი დონორების დღის წესრიგს მორგებული არასამთავრობო სექტორი, ვერასდროს ამთხვევდა საკუთარ საქმიანობას საზოგადოების ფართო მასების მოთხოვნებს და ინტერესებს. შესაბამისად, ავტორიტარული მმართველობის არარსებობის მიუხედავად, მათი  აქტივობები ვერ იქნებოდა საკმარისი ისეთი მედიის შექმნისთვის, რომელიც ხელს შეუწყობდა საზოგადოების ფართო მასების პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებში ჩართვას და შესაბამისად, დემოკრატიზაციის პროცესის დაჩქარებას.

მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ დემოკრატიის და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება საქართველოში, ისევე როგორც ყველა სხვა ქვეყანაში, ყველაზე მეტად მშრომელთა კლასის ინტერესებში შედის. მშრომელთა კლასში, ვგულისხმობ მის ფართო გაგებას: მშრომელი ადამიანები და მათი ოჯახები, უმუშევრები, სტუდენტები, პენსიონერები –  საქართველოს მოსახლოების უმეტესი ნაწილი. სოციალური ჯგუფები, რომლებიც საბაზრო ეკონომიკაზე ქაოტურად გადასვლის შემდეგ ყველაზე დაუცველნი არიან და შესაბამისად ყველაზე მეტად ჭირდებათ იარსებოს ისეთმა დემოკრატიული ტიპის სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტებმა, რომელთა საშუალებითაც გავლენას იქონიებენ მათი ცხოვრებისთვის გადამწყვეტ პროცესებზე. შესაბამისად, დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიაც, როგორც ასეთი დემოკრატიული ინსტიტუტი, რომელსაც თანამედროვე კაპიტალისტურ საზოგადოებებში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური როლი აკისრია, მნიშვნელოვანი იარაღია მშრომელთა კლასისათვის. თუმცა, იგი ყოველთვის იყო და ახლაც არის კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების, ბიზნეს ელიტების თუ გეოპოლიტიკური მოთამაშეების ინსტრუმენტი.

მშრომელთა კლასზე საუბარი რთული იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში. ეს ერთი მხრივ, საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად და ყველაფერის მასთან ასოცირებულის უარყოფიდან გამომდინარეობდა და მეორე მხრივ, ობიექტური მიზეზებიდან.  ვგულისხმობ იმას, რომ საბაზრო ეკონომიკა საქართველოში მხოლოდ ბოლო ათწლეულის პერიოდში იწყებს მეტნაკლებად გამართულად ფუნქციონირებას და შესაბამისად, ახლა იკვეთება მშრომელთა კლასის კონტურები. 2012 წლის არჩევნების შემდეგ, როგორც კი მოიხსნა წნეხი, დაიწყო გაფიცვების ტალღა ინდუსტრიულ ქალაქებში. ამას მოჰყვა გაფიცვა რკინიგზაში. აქტიურობა თბილისში მომსახურების სფეროში დასაქმებულებისგან.  გაჩნდა სტუდენტური ჯგუფები, რომლებიც მშრომელებს აქტიურად უჭერდნენ მხარს. პროფკავშირებმა დაიწყეს გამოღვიძება. მშრომელთა მოძრაობის ეს ტალღა ქმნის ახალ აქტივისტებს და ორგანიზაციებს, აბავს მათ შორის ქსელებს, შემოაქვს პოლიტიკურ დღის წესრიგში სოციალური თემები, ჩემი აზრით, უახლოეს მომავალში, წარმოქნის პოლიტიკურ რეპრეზნტატორსაც პოლიტიკური პარტიის სახით.

მშრომელთა მოძრაობისთვის მედიას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს. მედია მხარდაჭერის გარეშე, ძალიან რთულია ისედაც სუსტმა და დისორგანიზებულმა, პოლიტიკური რეპტრეზენტატორის გარეშე მყოფმა მშრომელებმა შეძლონ მათთვის სასურველი შედეგის მიღწევა გაფიცვისას, თუ სხვა ბრძოლისას. მაგალითად, თბილისის სოლიდარობის ქსელის კამპანიის „შრომა არ არის იოლი“ დროს, სწორედ ტელევიზიების მიერ იოლის მაღაზიათა ქსელში  გაფიცვის გაშუქებამ, აიძულა იოლის მენეჯმენტი უკან დაებრუნებინათ სამსახურიდან გათავისუფლებული გაფიცული თანამშრომლები. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს ის, რომ ამ შემთხვევაში, მედიის დაინტერესება გამოწვეული იყო სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოების პოპულარობით. ცოტა ხნის შემდეგ, როცა „შრომა არ არის იოლი“ კამპანია უფრო გაფართოვდა და იოლის მთლიან მაღაზიათა ქსელს თხოვდა პასუხის გაცემას შრომითი უფლებების დარღვევაზე, აქციის გაშუქების თხოვნაზე რუსთავი 2-ისგან მივიღეთ პასუხი, რომ ისინი კერძო კომპანიის წინააღმდეგ სიუჟეტს ვერ გააკეთებდნენ.

ასევე, შეგვიძლია გავიხსენოთ ტყიბული, სადაც გაფიცვის ყველა წამყვანი მედია საშუალების მიერ აქტიურად გაშუქებამ, მნიშვნელოვანი გამარჯვება მოაპოვებინა ტყიბულელ მეშახტეებს. მომავალ ბრძოლებში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშრომელთა მოძრაობის და მედიის, ჟურნალისტების ურთიერთობას. როგორ გაშუქდება მოძრაობის და როგორ შეძლებენ ჟურნალისტები იმ თემების არტიკულირებას, რაც მუშათა კლასს აწუხებს.

მოდით კვლავ დავუბრუნდეთ მედიას და ვიკითხოთ, როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ის? მედიის გაუმჯობესებაში ვგულისხმობ იმას, თუ როგორ შეიძლება  ნაცვლად სკანდალებზე და შოუებზე ორიენტირებისა, მან გასწიოს საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმე: აწარმოოს საგამოძიებო ჟურნალისტიკა და ამხილოს ისინი, რომლებიც პოლიტიკურ თუ ფინანსურ ძალაუფლებას ფლობს და მას ბოროტად იყენებს, შექმნას კვალიფიციური და კონსტრუქციული პოლიტიკური თუ სხვა სახის დებატებისთვის შესაფერისი სივრცე, მიაწოდოს  მოსახლეობას ინფორმაცია მნიშვნელოვან პოლიტიკურ, სოციალურ თუ სხვა სახის თემების შესახებ, დაუთმოს ეთერი ელიტების გარდა  სოციალურ ჯგუფებს, მათ პრობლემებს და შეხედულებებს.  ეს ყველაფერი მედია სფეროში მომუშავე ადამიანებმა უნდა შექმნან. ზემოთ უკვე ვისაუბრეთ სხვადასხვა სახის რეპრესიებზე რაც შეუძლებელს ხდის დამოუკიდებელ მუშაობას.[სხვა სახის]

თუმცა, ახლა მინდა საკითხს ასე შევხედოთ: ჟურნალსიტები, სცენარისტები, მემონტაჟეები, რედაქტოები და სხვა სახის მედია მუშაკები ასევე, წარმოადგენენ მშრომელ ადამიანებს, რომლებიც შრომით ურთიერთობაში არიან ჩაბმული და ქმნიან პროდუქტს. ახლოდან ჩახედვა მათ ყოველდღიურ შრომით რუტინაში დაგვანახებს იმას, თუ რა რთულ გარემოში უწევთ მათ მუშაობა. დამწყები ჟურნალისტებისთვის, და არა მარტო დამწყებთათვის, ჩვეულებრივი მოვლენაა თვეებით და წლობითაც კი უხელფასო სტაჟირება, კონტრაქტის არ არსებობა, არანაირი სტაბილური სამუშაოს გარანტია, დაბალი ხელფასები, ზეგანაკვეთური საათები, ღამეების თენება, შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება ზემდგომი პირებისგან. ყველაფერი ეს ხელს უწყობს  ადამიანის დემორალზიებას, ახშობს ყოველგვარი განვითარების და პროფესიონალად ჩამოყალიბების საშუალებას, კრიტიკულობის და საზოგადოებრივი საქმის შესრულების პოტენციალს.

ამ მდგომარეობიდან გამომდინარე, გასაკვირიც არ არის, რომ მედია მაღალი ხარისხის პროდუქციას ვერ ქმნის და არც ახალი და პროფესიონალი კადრები ყალიბდება. სიტუაციის შესაცვლელად, ვფიქრობ, პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ყველაზე არსებითიდან დაწყება, რომ მედია მუშაკებისთვის არსებობდეს ღირსეული და დამაკმაყოფილებელი სამუშაო გარემო, რომელიც მათ მისცემს პროფესიულ თავისუფლებას და დაიხსნის თავის გადარჩენისთვის ბრძოლისგან.  თუმცა, თუ ვამბობთ, რომ მედია მუშაკები ასევე, მშრომელთა კლასია, მათაც როგროც მშომელთა კლასს, ამ გარემოს მოსაპოვებლად ბრძოლა მოუწევს. სწორედ ამ ბრძოლაში უნდა მოიპოვონ მათ, როგორც პროფესიული დამოუკიდებლობა და ღირსეული სამუშაო გარემო, ასევე საკთარი კლასობრივი პოზიციის და საზოგადოებაში მათი როლის ცნობიერება. მათ უნდა შეიძინონ მოკავშირეები სხვა მშრომელთა მოძრაობების სახით, რომელთა სოლიდარობა მომავალში იქნება მათი დამოუკიდებლობის გარანტი.

%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%96%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a3

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა კონფერემცია, 2016 წლის მაისი

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე საქართველოში, როგორც ზოგადად მშრომელთა მოძრაობას, ასევე კონკრეტულად, პროფკავშირულ მოძრაობას მწირი გამოცდილება აქვს, ვხედავთ, რომ ავად თუ კარგად, მოძრაობა წინ მიდის. ახლად შექმნილ საქართველოს მედიის პროფკავშირს, რომელსაც უკვე აქვს ბრძოლის გარკვეული გამოცდილება, სხვათა მსგავსად ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი. გარკვეულწილად, მათ დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, რადგან სწორედ მათი გამართული მუშაობის შედეგად შეიძლება მოიპოვოს ქართულმა მშრომელთა მოძრაობამ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღი: მედია. საქართველოს მედიის პროფკავშირი შესაძლოა, გახდეს მედიის სფეროში მშრომელთა მოძრაობის დასაწყისი, თუკი იგი მოახერხებს იყოს ინკლუზიური – ჩართოს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი პროფკავშრულ აქტივობებში – და თუკი მოახერხებს სწორი ანალიზის საფუძველზე, საკუთარი ბრძოლის დაკავშირებას მშრომელთა ფართო მოძრაობასთან.

შოთო აზიკური, თბილისის სოლიდარობის ქსელი.

Advertisements
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

One Response to მედია, მშრომელთა მოძრაობა და დემოკრატიზაცია

  1. Tornike Chivadze ამბობს:

    Kaiaaa

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s