ანგარიში – რა მოხდა ზესტაფონში და ვინ დგას ამის უკან

3 აგვისტოს ზესტაფონის ე.წ „ძველ ბაზარში“ ხანძრის შედეგად დაიწვა მთლიანი ბაზრის ტერიტორია, დაახლოებით 1000 კვადრატული მეტრი. აქაური მოვაჭრეების უდიდეს ნაწილს საქონელი სრულად გაუნადგურდა.

ზესტაფონი

ხანძრის საშინელი შედეგების ფონზე, დაპირისპირება მოხდა ბაზრის მეწილეებს – ცეზარ მაღლაკელიძესა და ხინჯიკაშვილს შორის. როგორც მაღლაკელიძე აცხადებს: „მას დიდი ხნის მანძილზე სთხოვდნენ გაეყიდა თავისი წილი, მაგრამ იგი არ თანხმდებოდა.“

ბაზრის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად გამოწვეული ზარალი ორ მილიონ ლარამდე აღწევს. ზესტაფონის გამგებელი ტარიელ თურაშვილი აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტს არ აქვს საკმარისი თანხა ზარალის სრულად ანაზღაურებისთვის, ამიტომ მოვაჭრეები მხოლოდ მთავრობის დახმარების იმედზე უნდა იყვნენ.

ზესტაფონის ბაზარში ხანძარი არის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ ავიწროებენ და აღარიბებენ მოსახლეობის ყველაზე მიუსაფარ და გაჭირვებულ ფენას – ადამიანებს, რომლებსაც ყოველდღიურად თვითგადარჩენისთვის უწევთ ბრძოლა. მათ მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ ყველა მათგანს ბანკიდან სესხი აქვს აღებული. ეს შემთხვევა, ფაქტობრივად, მოასწავებს იმას, რომ მოვაჭრეებისთვის შეუძლებელი გახდება ამ  სესხების დაფარვა.

ჩვენ ვესაუბრეთ ადგილობრივ მოვაჭრეებს და პირველადი სახით გთავაზობთ მათ ნაამბობს. რესპონდენტებს არ სურთ ვინაობის გამხელა, ამიტომ მათ სახელებს არ ვუთითებთ.

„   –  35 წელია რაც აქ ვარ, ეს ბაზარი იყო ჩემი ერთადერთი შემოსავალი. მეტი არაფერი მაქ ქვეყანაზე. ნაქირავებში ვცხოვრობთ. ვალები დაგვატყდა და… მარტო ამით ვიხდიდი დღიურ სესხებს და ბანკის ვალს და ახლა ყველაფერი დამეწვა, საერთოდ არაფერი არ გადოურჩა ხანძარს შვილო. ჩემ შვილს რაღაცა ვალები დაატყდა, ბანკიდან ვალი ევიღე და ახლა რაფერ გადევიხდი რამეს. ახლა აგერ ვალაგებთ ჩვენ ადგილებს, იქნება წამევიწყოთ რამე თავიდან. ბანკებმა გადაგვივადეს 2 თვით სესხი, მარა ის მერე ისევე ჩვენი დასაფარი არარი?  გვითხრეს, ახალ ბაზარში 2 თვე მოგცემთ ადგილებსო, მარა მერე ფული უნდა გადევიხადოთ და სა გვაქ თვეში 400 ლარი იჯარაში, რო მივცეთ, მაგდენს ვმუშაობთ რამეს?“

„   –  ვიღაცეები იყვნენ მოსულები ხევდნენ აქ ჩამოკიდებულ ტანსაცმელებს და ნაჭრებს და ყრიდნენ ძირს. ვის სად მიქონდა და რა მიქონდა ვერ გეიგებდი…. ძალიან ბევრი საქონელი მოგვპარეს.  მე, აბა, კი არაფერი დამწვია, აგერა ვარ, ჩემ მაღაზიას ცეცხლი არ მოკიდებია, დამეკარგა ყველაფერი. აქანა ცეცხლი რო იყო და ჩვენ-ჩვენ საქონელს მოვკიდეთ ხელი და გევიტანეთ  ჭიშკარგარეთ, მაგიერზე რო მოვბრუნდით და მერე უკან გავბრუნდით, იქ აღარაფერი აღარ დაგვხვდა. წაღებული უფრო იყო ვიდრე დამწვარი. „

„   -20 წელია აქ ვმუშაობ, მეტი  ახლა…. ზესტაფონელები ვართ ჩვენე, ფეროში ვერ ვიმუშავებთ და პარლამენტში არავინ წაგვიყვანს…“

„    –  მე მასწავლებელი ვარ, მარა იმ ხელფასით რო არაფერი კეთდება, იმიტო ვდგავარ აქ. მე ვარ ოჯახიდან მარტო ერთი ქალი გამოსული და ახლა კი დავრჩით ისე… ბანკის ვალი გვაქ,  ყოველდღიური გადასახდელებიც და თვიურიც, აგერ 6 ათასი ლარი მაქ ვალი ახლა, რითი გადევიხდი?“

„       –  გუშინ იყვნენ მოსულები მთავრობიდან. რაღაცეებს დაგვპირდნენ, მარა დაპირებებში კი არიან მაგრები მაგენი. მასე ივანიშვილიც ბევრს დაგვპირდა, მარა კი წაგვიღო აგერა წყალმა. ხალხს ფული არ ქონდა რო მოსულიყო და ეყიდა რამე და ახლა ჩვენც აღარაფერი გვაქ იმედად. ასე გაგვიარა ტყუილად ამდენმა ნაშრომმა და ნაწვალებმა. ბანკიდან გამოტანილი ფულებით ვიყიდეთ ეს რაღაცეები და აგერა კი გადავყარეთ ყველაფერი. კი არ ვამტყუნებ ამ ხალხს, ვინც ჩემი ტავარი მეიპარა, მშიერი არი ხალხი და რა ქნას. სამსახური არ აქვთ და ხელფასი… აგერ ჩემ ბიჭს უმაღლესი დავამთავრებიე, 5 წელი ვასწავლე, მარა რათ გინდა, ახლა მეთორმეტე სართულზე არი გამოკიდებული,  ზის კალათაში და კედელს ლესავს, წესიერი სამსახური ვერსად იშოვა, მასე კი არ არი…“

„     – ახალ ბაზარში გადავართ თუ არა, არ ვიცი გაორებულები ვართ ჯერეთი, აქანა ამ ნაგავში რაფერ გავჩერდეთ და იქით წევიდოთ და იმდენი გადასახადები არი და რო ვერ გადევიხადოთ და ქუჩაში დავრჩეთ იმასაც ვჯავრობთ.  აქანა 150 ლარი გვაქ და იქ 350 ლარი არი, საკასო აპარატი უნდა დადგა მაღაზიაში… არ ვიცი. “

„  – ხანძარი რაფერ გაჩნდა რავიცი დეიდა, მაგას ჩვენ ვინ გვეტყვის, ექსპერტიზა დაადგენს ალბათ და კი გევიგებთ. ისე სულ ჩხუბი და აყალ მაყალი კი იყო ხოლმე აქანა, სულ ჩხუბობდნენ. უბრალო ხალხს ვინ რას გააგებიებს. „

ზესტაფონის „ძველ ბაზარში“ მოულოდნელად გაჩენილი ხანძრის გამო იქ მიმდინარე პროცესებმა, ფაქტობრივად, ხელახლა დაძრა არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების ტალღა. ბოლო შემთხვევას წინ უსწრებდა იქ არსებული მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობისა და ბაზრისა თუ საწარმოს მონოპოლიზების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.

ზესტაფონში ონკოლოგიურ დაავადებათა რიცხვი ყოველ წელს იზრდება, განსაკუთრებით მომრავლებულია საჭმლის მომნელებელი სისტემის და სასუნთქი გზების დაავადებები.

ზესტაფონის ბაზრის ხანძრის განხილვისას გასათვალისწინებელი ფაქტია, რომ 2015 წელს ყოფილი ბაზრის ტერიტორიაზე, რუსთაველის ქუჩაზე გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გამოაცხადა აუქციონი  სილიკომანგანუმის მოპოვების ლიცენზიაზე. აუქციონი შპს „გე-ემ“ კომპანიამ მოიგო და სამუშაოებიც დაიწყო, თუმცა ამას ადგილობრივი მოვაჭრეების მხრიდან არაერთი საპროტესტო აქცია მოჰყვა. მათი განცხადებით, სილიკომანგანუმის მოპოვების შედეგად ჰაერში იფრქვევა მომწამლავი ნივთიერება, რომელიც აბინძურებს მათ საქონელს: საყოფაცხოვრებო ნივთებს, ტანსაცმელს, მარცვლეულს.

აღსანიშნავია, რომ ზესტაფონის ახალი აგრარული ბაზარი და „გე-ემ“ კომპანია  ომარ სამადაშვილის  საკუთრებაშია. მას ეკუთვნის რამოდენიმე რესტორანი, ასევე 2015 წლიდან მის მფლობელობაშია თბილისში, გურამიშვილის ქუჩაზე მდებარე კინო „საქართველოს“  წილი, კერძოდ 25 პროცენტი, ხოლო მისი ძმის, მერაბ სამადაშვილის მიერ დაარსებული კომპანია ფლობს 42 პროცენტს. თავის დროზე, კინო „საქართველოს“ გასხვისებაც ბევრისთვის გაურკვეველი დარჩა, გაყიდვამდე რამდენიმე თვით ადრე იმავე პირებმა შენობა იჯარით აიღეს, თუმცა მოგვიანებით ხელშეკრულება გაუქმდა და იგი ნასყიდობის ხელშეკრულებამ ჩაანაცვლა. სივრცემ, რომელიც კინოთეატრს წარმოადგენდა, ახლა სავაჭრო დატვირთვა შეიძინა და აქ სუპერმარკეტების ქსელის, „ფურშეტ ჯორჯია“-ს მაღაზია გაიხსნა.

მერაბ სამადაშვილი სამი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო და პოლიტიკურად, განსაკუთრებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას დაწინაურდა.

ადგილობრივი  მაცხოვრებლები პირად საუბრებში აღნიშნავენ, რომ ოთარ სამადაშვილს ზესტაფონის წამყვანი დარგების თითქმის ყველა სფერო მონოპოლიზებული აქვს. მათი თქმით, სამუშაოების გამო გადათხრილია ალტერნატიული გზა, რის გამოც სრული დატვირთვა ბაზრის ვიწრო გზას დაადგა. საცობები და გადათხრილი გზა, სასწრაფოსაც ხელს უშლის გადაადგილებაში. კვალითის დასახლებაში მდებარე „ჯეო ჰოსპიტალი“ გადათხრილი ქუჩის მიღმა მოექცა.

ადგილი, სადაც შპს „გე-ემ“ კომპანია სილიკომანგანუმს ამუშავებს, ძალიან ახლოსაა დასახლებულ პუნქტთან, რომლის მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ ხშირად ხედავენ შავ მტვერს:

„ეს ქარხანა მთელი ღამე მუშაობს. ღამით მტვერი არ ჩანს და დღისით ჩანს. მარტო იქ კი არა, საერთოდ, გარშემო სულ მტვერი დგება. თეთრ ტანსაცმელს რომ გასაშრობად ვკიდებ და რომ ჩამოვხსნი, სულ ყვითელია ხოლმე“.

„ეს ქვის საფშვნელი ღამეც მუშაობს და ძალიან დიდი ხმა აქვს. ასე ამბობენ, რომ მაგ ქარხანაში პლასტმასის ცეხსაც აკეთებენ. დაგვხოცავენ და ეგ იქნება“[1]

ზესტაფონის მკვიდრნი მიიჩნევენ, რომ ზესტაფონის „შავი ბაზრის“ დაწვა შემთხვევითი მოვლენა არ უნდა ყოფილიყო, რადგან ამ ტერიტორიით უკვე დიდი ხანია შპს „გე-ემ“ კომპანიაა დაინტერესებული. როგორც ბაზრის მეწილე, ცეზარ მაღლაკელიძე აცხადებს, უკვე დიდი ხანია ცდილობენ მისთვის ბიზნესის წართმევას; რომ დავით ხუსკივაძე, რომელმაც ბიზნესის 25%-იანი წილი კორუფციული გარიგებების გზით მოიპოვა, დიდი ხანია ცდილობს სამადაშვილს ბიზნესი მთლიანად წაართვას. ცნობილია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას, დავით ხუსკივაძე სს „ზესტაფონგაზის“ დირექტორი იყო. მას 2008 წელს სახელმწიფო თანხების უკანონო მითვისებაში დასდეს ბრალი და ხუთწლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს. მაღლაკელიძის განცხადებით, ეს ადამიანი გარიგებულია მათთან, ვინც რუსთაველის ქუჩაზე გათხრებს აწარმოებს. დავით ხუსკივაზე კი პირიქით, მაღლაკელიძეს ადანაშაულებს ბიზნესის წილის უკანონო მითვისებაში.

ამ ბრალდებების, გარიგებების და ლიცენზირებული თუ არალიცენზირებული დანაშაულებების ფონზე, ფაქტია, რომ უბრალო მოსახლეობა ყველაზე მეტად ზარალდება.  „დიდი ადამიანების“ კერძო ინტერესებს, ყველაზე მეტად ღარიბი მოსახლეობის ინტერესები ეწირება.

[1] წყარო: http://primetimenews.ge/%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%Eეკოლოგიური კატასტროფა ზესტაფონში – რატომ იზრდება ონკოლოგიური დაავადებების რიცხვი | PrimeTimeNews

 

Advertisements
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s